კახეთში რამდენიმე მოქალაქეს ქონებას იძულებით ჩამოართმევენ

მიწა

თბილისი-საგარეჯო და საგარეჯო-ბაკურციხის გზის მშენებლობის გამო, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში რამდენიმე მოქალაქეს ქონება იძულებით ჩამოერთმევა. ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს ბრძანებაშია აღნიშნული.

კერძოდ, დოკუმენტში ნათქვამია, რომ გზების დეპარტამენტის მიერ ხორციელდება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-საგარეჯო და საგარეჯო-ბაკურციხის საავტომობილო გზის (ლოტი III) გაუმჯობესების პროექტი, რაც აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად უნდა ჩაითვალოს. აქედან გამომდინარე, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს უნდა მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება პროექტის არეალში მოქცეულ ქონებაზე.

შესაბამისად, ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილებით, პროექტის საჭიროებიდან გამომდინარე, ექსპროპრიაციას (საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით) ექვემდებარება:

  • საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ მზისგულში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 4988 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომლის მესაკუთრეა მამუკა ზირაქაშვილი. დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა აღნიშნული მიწის ნაკვეთის ნაწილი - 77 კვ. მ და მასზე განთავსებული მრავალწლიანი ნარგავები და მცირე ნაგებობა;
  • საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სოფელ მზისგულში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების 2803 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომლის მესაკუთრეა ვახტანგ მუმლაძე. დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა აღნიშნული მიწის ნაკვეთის ნაწილი - 1463 კვ.მ, მასზე განთავსებული მრავალწლიანი ნარგავები და მცირე ნაგებობა.

ვინაიდან, დეპარტამენტის მიერ ვერ ხერხდება უძრავი ქონების გამოსყიდვის თაობაზე კერძო მესაკუთრესთან შეთანხმების მიღწევა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება“, - ნათქვამია ბრძანებაში.

ამასთან, როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში.