„კომერციულ ობიექტებზე ქირის ფასი 3-იდან 20%-მდე გაიზარდა“ - გიორგი მჟავანაძე

მარჯანიშვილი, აღმაშენებლის გამზირი

„2022 წელს კომერციულ უძრავ ქონებაზე ფასის ზრდის დინამიკა შეინიშნება, თუმცა არა ისეთი, როგორიც ეს საცხოვრებლების შემთხვევაშია,“ - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში TBC CAPITAL - ის უფროსმა ასოცირებულმა მკვლევარმა გიორგი მჟავანაძემ ისაუბრა.

მისი თქმით 2022 წელს მაღალი მოთხოვნა ქუჩისპირა სავაჭრო ობიექტებზე, სავაჭრო ცენტრებში და ბიზნესცენტრებში არსებულ ობიექტებზე იყო გაზრდილი. რაც შეეხება ფასებს გიორგი მჟავანაძე ამბობს, რომ კომერციულ ობიექტებზე ქირის ფასი 3-იდან 20%-მდე გაიზარდა.

„კომერციულ ფართებზე ყველაზე მაღალი ზრდა სავაჭრო ცენტრებში დაფიქსირდა, ძალიან კარგი მაჩვენებელი ცალკეული სავაჭრო ობიექტების მიმართულებითაც, რაც სავაჭრო ბრუნვის ზრდით იყო გამოწვეული. სავაჭრო ცენტრებში ფართების ძალიან დიდი ნაწილი მიბმულია საცალო სავაჭრო ბრუნვაზე და 2022 წელს საცალო სავაჭრო ბრუნვა 34%-ით არის გაზრდილი, რამაც ქირაზე მოთხოვნა გაზარდა და გაიზარდა ქირის ფასიც, 2022 წელი იყო პანდემიის შემდეგ პირველი წელი, როდესაც სექტორში პანდემიამდელი მაჩვენებელი აღდგა და ძალიან მცირე ნაწილში ოდნავ ჩამოუვარდებოდა 2019 წლის მაჩვენებელს. 2023 წელს ეს სექტორი მთლიანად იქნება აღდგენილი“, - აღნიშნა გიორგი მჟავანაძემ.