„კრედო ბანკი“ „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონის დარღვევისთვის დააჯარიმეს

ბიზნესი 1681485794
კრედო ბანკი - ლოგო

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონის დარღვევისთვის „კრედო ბანკი“ 30 000 ლარით დააჯარიმა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს „კრედოსთვის“ მეორე დაჯარიმებაა. პირველად ბანკი იმავე კანონის დარღვევისთვის სებ-მა 44 000 ლარით 2022 წლის 14 ივლისს დააჯარიმა.

საქმე ეხება ორ პირთან მიმართებით, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის“ კანონმდებლობის დარღვევას და შემოწმების პროცესში მოთხოვნილი დოკუმენტაციის არასწორად წარდგენის ორ შემთხვევას.

კერძოდ, 2 (ორ) პირთან მიმართებით „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“, და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, რომელიც ეხება პოლიტიკურად აქტიური პირის მიმართ შესაბამისი ღონისძიებების გატარებას; 

დამატებით, მათ შორის 1 (ერთ) პირთან მიმართებით დარღვეულია „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პოლიტიკურად აქტიური პირის ოჯახის წევრების მიმართ, ამავე მუხლით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების მოთხოვნა. ხოლო მეორე პირის შემთხვევაში დარღვეულია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 7 მაისის №82/04 ბრძანებით დამტკიცებული „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის შეფასების სახელმძღვანელოს“ დანართი N1-ის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისადაც პოლიტიკურად აქტიურ პირს მონიტორინგის განმახორციელებელმა პირმა უნდა მიანიჭოს რისკის მაღალი დონე.

შეგახსენებთ, მიმდინარე წელს AML/CFT ზედამხედველობის წესის დარღვევისთვის, მარეგულირებელმა ჯამში 107 ვალუტის გადამცვლელი პუნქტი, 3 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, 3 - საგადასახადო მომსახურების პროვაიდერი, 2 - საბროკერო კომპანია და 3 ბანკი დააჯარიმა.