მარკ ზაკერბერგი მუსიკოსი გახდა და პირველი კომპოზიცია გამოუშვა

სოციალური ქსელის ფეისბუკის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერკი

მსოფლიოს უდიდესი სოციალური ქსელების, Facebook-ის და Instagram-ის მფლობელი კომპანიის, Meta-ს დამფუძნებელმა, მარკ ზაკერბერგმა, რომელმაც, ბოლო დროს, მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა, ახალი ჰობი იპოვა — მუსიკა. პირველი კომპოზიციისთვის, მილიარდერმა ადრეული 2000-იანების ჰიპ-ჰოპი და Lil Jon-ის და The East Side Boyz-ის მიერ იმ დროს შესრულებული პოპულარული სიმღერა, Get Low აირჩია.

როგორც Spotify-ზე ვხედავთ, სიმღერის ახლებური ვერსია მარკ ზაკერბერგმა ამერიკელ რეპერთან, T-Pain-თან ჩაწერა — სწორედ აქედან მოდის დუეტის სასცენო სახელწოდება Z-Pain, რომელიც არტისტების სახელების შეერთებით მიღებული სიტყვაა. როგორც მილიარდერი ანტრეპრენიორი ამბობს, Lil Jon-ის და The East Side Boyz-ის ეს სიმღერა შემთხვევით არ შეურჩევია, რადგან სწორედ ის უკრავდა მაშინ, როცა მარკ ზაკერბერგმა მისი მომავალი მეუღლე, პრისცილა ჩანი სტუდენტურ წვეულებაზე გაიცნო.

მილიარდერი ანტრეპრენიორის და რეპერის უახლესი კომპოზიცია Spotify-ზე 13 ნოემბერს აიტვირთა. მას შემდეგ, ადრეული 2000-იანების ჰიპ-ჰოპ კომპოზიციის ახალმა ვერსიამ 500,000-მდე მოსმენა დააგროვა. ახლად შექმნილ დუეტს მუსიკალურ პლატფორმაზე 280,000-მდე გამომწერი ჰყავს.

შეგახსენებთ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ამერიკელმა მილიარდერმა მის მეუღლეს ორიგინალური საჩუქარი გაუკეთა. რამდენიმე თვის წინ, მარკ ზაკერბერგმა მეუღლისთვის Porsche Cayenne Turbo GT-ის მინივენი შეუკვეთა. ეს ავტომობილი, მილიარდერის სპეციალური შეკვეთით West Coast Customs-მა დაამზადა — ეს ის კომპანია, რომელმაც სახელი ამერიკელი რეპერის, Xzibit-ის სატელევიზიო შოუდან, Pimp My Ride-დან გაითქვა.