მეტროს ახალი ვაგონების მიღება 2027 წლიდან დაიწყება - კაკაურიძე

თბილისის მეტრო

"ქართული ოცნების" მთავრობაში ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, თბილისის მეტროს ახალი ვაგონების მოწოდება 2027 წლიდან დაიწყება. ამის შესახებ კაკაურიძემ მომდევნო წლის ბიუჯეტის წარდგენისას პარლამენტში დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფო კონტრაქტის ფარგლებში პირველ ავანსს სავარაუდოდ მიმდინარე თვეში გადაიხდის.

"თბილისის ავტობუსების პარკის განახლება არის სისტემატიური პროცესი, რაც მუდმივ რეჟიმში უნდა მოხდეს, რომ შემდეგ ერთბაშად არ მოგვიწიოს 600-700 ავტობუსის გამოცვლა. არის მეტროს ნაწილი და ვაგონების ჩანაცვლება გვიწევს. დაახლოებით 212 ვაგონის საჭიროება დგას თბილისში და წელს გავაფორმეთ ხელშეკრულება როგორც საფინანსო ინსტიტუტთან (AIIB) როგორც თანხის მოზიდვის, ასევე კონტრაქტი არსებობს, რომლის ფარგლებშიც პირველი ავანსი მოსალოდნელია რომ ამ თვეში გაიცეს, ხოლო 2026-ში ჩამოტანა შეიძლება ვერ მოესწროს, მაგრამ 2027 წლიდან მივიღებთ მეტროს ახალ ვაგონებს,"- განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

2025 წლის ივლისში საერთაშორისო ტენდერის გამარჯვებულად გამოვლინდა "ჯი-თი ჯგუფი", რომელიც თბილისის მერიას 150 მილიონ ევროდ 111 ახალ ვაგონს მიაწვდის. აღნიშნულ ვაგონებს ჩინური მწარმოებელი CRRC დაამზადებს.

პროექტი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ფინანსდება.

bm.ge