1764141759
მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციისთვის მთავრობა 12 მანქანას ყიდულობს, ერთეულის ფასი 47 800 ლარია - რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს
მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციისთვის მთავრობა 12 მანქანას ყიდულობს. ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებული ტენდერიდან ხდება ცნობილი.
დოკუმენტაციის მიხედვით წინადადებების მიღება 26 ნოემბრიდან დაიწყო და 30 ნოემბერს დასრულდება.
რაც შეეხება ავტომობილის ღირებულებას, პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის განკუთვნილი იქნება მეორე კლასის მანქანები, ერთეულის ზღვრული ფასი კი 47 800 ლარია.
ამასთან, სატენდერო პირობებში აღნიშნულია, რომ შემოთავაზებული ავტომობილები უნდა იყოს ახალი, არაუადრეს 2025 წლის გამოშვების, მარცხენა საჭიანი, ექსპლუატაციაში არმყოფი (გარბენი არაუმეტეს 200კმ), ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული. ამასთან, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს ავტომანქანების შემსყიდველზე გადაფორმება.
ამასთან, შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალებები შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის, გარდა შავისა.
რაც შეეხება შესასყიდი ავტომობილის სხვა ტექნიკურ მახასიათებლებს, ასეთია: ცხენის ძალა არანაკლებ 105, სიგრძე არანაკლებ - 4 483, სიგანე არანაკლებ - 1 760, სიმაღლე არანაკლებ - 1 430.
ამასთან, აუცილებელი მოთხოვნებია: სათადარიგო საბურავი, მინიმუმ 4 უსაფრთხოების ბალიში, კონდიციონერი, აუდიოსისტემა, საჭის გამაძლიერებელი, ABS და უკანა საქარე მინის ელ. გათბობა.



