1767522610
მიწების სისტემური რეგისტრაციის უფასო პროგრამა შეწყდა - როგორ უნდა გაიფორმოთ ნაკვეთი საკუთრებაში?
1-ელი იანვრიდან მიწების სისტემური რეგისტრაციის უფასო პროგრამა შეწყდა.
ცნობისთვის, მიწის სისტემური რეგისტრაცია არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ 2022 წლიდან დაწყებული რეფორმა, რომელიც მიზნად ისახავდა ქვეყნის მასშტაბით მიწის ნაკვეთების სისტემურად აზომვას, საკადასტრო სამუშაოების ჩატარებას და საკუთრების უფლების რეგისტრაციას. რეფორმის დასრულების თარიღად 2025 წლის ბოლო იყო დასახელებული.
შესაბამისად, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან მიწების რეგისტრაცია მხოლოდ სპორადული წესით გაგრძელდება. იმ მოქალაქეებს კი, რომლებმაც ნაკვეთების საკუთრებაში გაფორმება სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში სხვადასხვა მიზეზით ვერ შეძლეს (ვერ მოასწრეს), მიწების დარეგისტრირება მხოლოდ სპორადული წესით შეეძლებათ 2027 წლის 1-ელ იანვრამდე.
ინფორმაციისთვის, სპორადული წესით რეგისტრაცია მოქალაქეების მხრიდან წარდგენილი განცხადებების საფუძველზე მიმდინარეობს და გარკვეული საფასური არის გადასახდელი. ხოლო სისტემური წესით რეგისტრაციის პროცესი შესაბამის გეოგრაფიულ არეალში პროაქტიულად და სისტემურად მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე წარიმართება და ყველა მომსახურება მოქალაქეებს საცხოვრებელ ადგილზე მიეწოდება. ამ შემთხვევაში ყველანაირი ინფორმაციის მოძიება საჯარო რეესტრის სააგენტოს მიერ ხდება და მომსახურება არის უფასო.



