1767082001
ლატვიამ რუსეთთან საზღვარზე 280-კილომეტრიანი ღობე ააშენა
ლატვიამ რუსეთთან საზღვარზე 280-კილომეტრიანი ღობის მშენებლობა დაასრულა. ინფორმაციას პორტალი, Delfi ღობის მშენებლობაზე პასუხისმგებელი კომპანიის, Valsts Nekustamie īpašumi-ზე (VNI) დაყრდნობით ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, კონსტრუქცია ტექნიკური პროექტით გათვალისწინებულ ადგილებზე უწყვეტ ბარიერს უზრუნველყოფს. ამჟამად სასაზღვრო ინფრასტრუქტურის, მათ შორის, საპატრულო ბილიკების, ჭაობებზე საფეხმავლო ხიდების, სადამკვირვებლო კოშკებისა და სხვა საინჟინრო ნაგებობების მოწყობა გრძელდება. პროექტის საერთო ღირებულება 17.9 მლნ ევროდ არის შეფასებული. ძირითადი სამშენებლო სამუშაოები 2026 წლის ბოლომდე დასრულდება.
ლატვიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამჟამად საზღვარზე ევროკავშირის აღმოსავლეთით „თანამედროვე სასაზღვრო დაცვის“ შესაქმნელად მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის დამონტაჟება მიმდინარეობს.
მანამდე ლატვიამ 145-კილომეტრიანი ღობე ბელარუსთან საზღვარზე აღმართა.
ლატვიასთან ერთად რუსეთთან საზღვარზე ბარიერებს ბალტიის სხვა ქვეყნები, ლიეტუვა და ესტონეთიც აშენებენ. ღობეს, ასევე, ფინეთიც აშენებს, რისთვისაც ქვეყანამ 143 მლნ დოლარი გამოყო. ამ პროექტის ფარგლებში სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვრის 260 კილომეტრამდე მონაკვეთი შეიღობება. ამის გარდა, ჰელსინკი რუსეთთან საზღვრის დამატებით გამაგრებას, კერძოდ, ბლინდაჟებისა და ბუნკერების აშენებას გეგმავს. მათ საარტილერიო ჭურვის ან რაკეტის პირდაპირ დარტყმასა და ათობით კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერების აფეთქებას უნდა გაუძლონ.
ამასთან, პოლონეთმა კალინინგრადის ოლქთან საზღვარზე ელექტრონული ღობე ააშენა. 84 მლნ დოლარის ღირებულების ღობე ოლქთან მთელი სახმელეთო საზღვრის 199 კილომეტრზე არის გადაჭიმული (ვისლას ნაპირის გამოკლებით). თუმცა ვისლას რაიონში მდებარე საზღვარი დიდი ხანია, ელექტრონული მოწყობილობებით არის დაცული. ვარშავამ ღობის მშენებლობის აუცილებლობა, ნაწილობრივ, მიგრაციული ზეწოლის საფრთხით ახსნა, რადგან კალინინგრადის აეროპორტმა ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან რეისების მიღება დაიწყო.
bpn.ge



