1764658492
მთავრობას საწვავის შესყიდვა 9 თეთრამდე გაუძვირდა - რამდენს იხდის 1 ლიტრში
მთავრობას საწვავის შესყიდვა 9 თეთრამდე გაუძვირდა. ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებული კონსოლიდირებული ტენდერის შედეგებიდან ხდება ცნობილი.
უფრო კონკრეტულად, ნოემბერში გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, მთავრობას დეკემბერში 1 ლიტრი ყველა ტიპის ბენზინის შეძენა 8 თეთრით მეტი დაუჯდება, ხოლო დიზელის 9 თეთრით.
კერძოდ, კონსოლიდირებული ტენდერის თანახმად, მთავრობა 1 ლიტრ სუპერის (ოქტანობა არანაკლებ 98) ტიპის საწვავს დეკემბერში 2.64 ლარად შეიძენს (ნოემბერში 2.56 ლარი). ტენდერში გამარჯვებული „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიაა“.
რაც შეეხება საწვავის სხვა ტიპებს, კონსოლიდირებული ტენდერის მიხედვით, დეკემბერში, 1 ლიტრი პრემიუმის ტიპის საწვავის ღირებულება 2.35 ლარი იქნება (ნოემბერში - 2.27 ლარი იყო), აქ გამარჯვებული „რომპეტროლ საქართველოა“.
ამავე მონაცემების მიხედვით, ევრო რეგულარის ტიპის საწვავს, მთავრობა ნოემბერში 2.33 ლარად შეიძენს (ნოემბერში 2.25 ლარი იყო) გამარჯვებულ კომპანიას „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი“ წარმოადგენს.
რაც შეეხება ევროდიზელს (არაუმეტეს PPM 10), ფასი არსებულ მდგომარეობაში ერთ ლიტრზე 2.62 ლარია, (ნოემბერში 2.53 ლარი იყო), ტენდერში გამარჯვებული „სან პეტროლიუმ ჯორჯიაა“.
ცნობისთვის, საქართველოში საწვავის საცალო ფასი „პლატსის“ მიხედვით დგინდება. იანვარში „პლატსის“ მიხედვით ბენზინის საშუალო ღირებულება ტონაზე 737.02 აშშ დოლარს, ხოლო დიზელზე 714.91 აშშ დოლარს შეადგენდა; თებერვალში - ბენზინის 726.55 დოლარი, ხოლო დიზელზე - 705.3 დოლარი იყო; მარტში ბენზინზე - 683.89 დოლარი, დიზელზე - 655.55 დოლარი; აპრილში „პლატსის“ მიხედვით ბენზინის ფასი 657.48 დოლარს, დიზელის - 611.95 დოლარს შეადგენდა; მაისში ბენზინის ღირებულება 671.79 დოლარი, დიზელის 603.40 დოლარი იყო; ივნისში ბენზინი - 716.94 აშშ დოლარი, დიზელი - 681.05 აშშ დოლარი იყო; ივლისში - ბენზინი - 707.32 აშშ დოლარი ღირდა, დიზელი - 724.32 აშშ დოლარი; აგვისტოში ბენზინი - 702.78 აშშ დოლარი, დიზელი - 671.81 აშშ დოლარი; სექტემბერში ბენზინი 728.64 აშშ დოლარი ღირდა, დიზელი - 704.36 აშშ დოლარი; ოქტომბერში - ბენზინის ღირებულება 674.92 აშშ დოლარი იყო, დიზელის 678.54 აშშ დოლარი, ნოემბერში ბენზინის ფასი 709.28 აშშ დოლარი იყო, დიზელზე - 740.69 აშშ დოლარი.



