„ნელ-ნელა დაინტერესება მატულობს“ - რა ღირს ტურები ჩინეთის მიმართულებით

პეკინი

მიმდინარე წლიდან საქართველოს ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა აქვს. “ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რამდენად არის გაზრდილი მოთხოვნა ჩინეთის მიმართულებით ვიზის გაუქმების შემდეგ და რა ღირს ტურები ჩინეთში.

„ვიზის გაუქმების შემდეგ მიმოსვლა გამარტივდა და ამ ცვლილების მერე ნელ-ნელა ჩინეთით დაინტერესება მატულობს, ალბათ მალე მოთხოვნაც გაიზრდება. ფასი კი 2500 ლარიდან იწყება” – აცხადებენ ტურისტულ სააგენტო „ვოიაჟერ 365“-ში.

ჩინურ ტურებზე შედარებით მაღალი მოთხოვნის შესახებ საუბრობს turebi.ge. 

„საზღვრის გახსნის შემდეგ მოთხოვნამ, ბუნებრივია მოიმატა, რადგან სავიზო პროცედურები და მასთან დაკავშირებული დისკომფორტი აღარ არის. ამ დროისთვის ჯერჯერობით ბიზნესის კუთხით არის მოთხოვნა, თუმცა ველოდებით, რომ ზოგადად მოთხოვნა გაიზრდება. რაც შეეხება ფასებს, ერთი გზა დაახლოებით 2300 ლარიდან იწყება, ხოლო ღირებულება სხვადასხვა გარემოების გათვალისწინებით იცვლება“.

ok travel-ის ინფორმაციით კი, ერთ პერსონაზე პეკინის მიმართულებით მოგზაურობა საშუალოდ 3008 ლარი ჯდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთში უვიზო მიმოსვლა მიმდინარე წლის 28 მაისიდან ამოქმედდა. აღნიშნულის შედეგად, საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ, უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში და ქვეყანაში ზედიზედ 30 დღე დარჩნენ.