პაატა ბურჭულაძეს და კიდევ 4 პირს, რომელიც დღეს დააკავეს, 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ

პაატა ბურჭულაძე

4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტეტის წევრებს, რომლებიც რამდენიმე წუთის წინ დააკავეს, 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

როგორც შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა, დაკავებულები არიან: პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, ლაშა ბერიძე და პაატა მანჯგალაძე.

"დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით, ასევე სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეო მასალის შესწავლის შედეგად დგინდება, რომ თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციის დროს ორგანიზატორების მხრიდან ძალადობრივი შინაარსის მოწოდებები გახმოვანდა. ასეთი მოწოდებები ჟღერდებოდა მიმდინარე წლის 4 ოქტომბრამდეც.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეების მიმართ გაავრცელა არაერთი მოწოდება, რომ შეკრება-მანიფესტაცია ყოფილიყო მშვიდობიანი და არ გასცდენოდა კანონით დადგენილ ფარგლებს, თუმცა საპროტესტო აქციაზე გახმოვანებული ძალადობრივი მოწოდებების შემდგომ, აქციის რამდენიმე მონაწილემ და ორგანიზატორმა ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლის ჯებირები გადაანგრიეს და პრეზიდენტის სასახლის დაკავება სცადეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. გამოძიების შედეგებისა და ახალი დეტალების შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

ყოფილი მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ნადირაძე, პაატა ბურჭულაძე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე და პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე 4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები არიან. 4 ოქტომბრის აქციაზე ვითარება მაშინ დაიძაბა, როცა აქციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრმა მურთაზ ზოდელავამ თავისუფლების მოედანზე შეკრებილ დემონსტრანტებს პრეზიდენტის სასახლის აღებისკენ მოუწოდა. სპეციალური დანიშნულების რაზმმა აქციის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი და მხუთავი გაზი გამოიყენა.