1770190275
„ქართველ ემიგრანტებსაც აკავებენ - დაპაუზდა ლეგალური ემიგრაციაც“ – როგორია ქართველების ამერიკული ცხოვრება დღეს
ამერიკის შეერთებული შტატები საემიგრაციო პოლიტიკას სულ უფრო ამკაცრებს. ყოველდღიურად ვხედავთ, აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირების სისრულეში მოყვანის მცდელობას, ამერიკაში მიგრაციული პროცესები მაქსიმალურად დარეგულირდეს. საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრება ახალი ადმინისტრაციის მიერ, ქვეყნის შიდა უსაფრთხოების, ეკონომიკური ინტერესების გატარებისა და შრომითი ბაზრის დასტაბილურების მიზნებით აიხსნება.
ერთ-ერთი ბოლო გადაწყვეტილებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საემიგრაციო ვიზების გაცემა შეაჩერა 75 ქვეყნის მოქალაქეებისთვის. საერთაშორისო მედიაში ამ ქვეყნების სრული სიაც გავრცელდა - ჩამონათვალში საქართველოცაა.
რას ნიშნავს ქართველებისთვის საემიგრაციო ვიზების გაცემის პროცესის დაპაუზება, ვის შეეხება ცვლილება და ზოგადად, როგორია გამკაცრებული საემიგრაციო პოლიტიკის პირობებში ქართველი ემიგრანტების ცხოვრება ამერიკაში? აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით „ბიზნესპრესნიუსი“ ამერიკაში საემიგრაციო იურიდიული კომპანიის ადვოკატის თანაშემწეს, ლაშა სენაშვილს დეტალურად ესაუბრა.
პირველ რიგში, განვუმარტოთ მკითხველს, ვის ეხება და რას გულისხმობს ზუსტად, საემიგრაციო ვიზების შეჩერება. ამასთანავე, გვაძლევს თუ არა პროცესის დაპაუზება იმის თქმის საფუძველს, რომ შესაძლოა, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, საქართველოს მოქალაქეებზე საემიგრაციო ვიზები აღარ გაიცეს?
მნიშვნელოვანია განვუმარტოთ საზოგადოებას, რომ საემიგრაციო ვიზა არ არის არც ტურისტული და არც სასწავლო ვიზა. ეს უნდა გაიმიჯნოს. ეს არის დოკუმენტი, რომლის საბოლოო დანიშნულებაა, ადამიანი ერთი ქვეყნიდან მეორეში კანონიერად, ლეგალურად ემიგრირდეს. რას ნიშნავს საემიგრაციო ვიზიდან გამომდინარე, კანონიერი და ლეგალური ემიგრაცია, ძალიან მარტივად რომ ავხსნათ, მაგალითად, ეს არის ოჯახის გაერთიანება. როდესაც ადამიანს ჰყავს ამერიკის მოქალქე მშობელი ან შვილი, კანონი ამის უფლებას აძლევს და თუ დააკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს, ლეგალურად ხდება ოჯახის გაერთიანება ანუ მისი მხრიდან ხდება ოჯახის წევრის შემოერთება. იმ შემთხვევაში, თუ პირს მოქალაქეობა აქვს აქ მიღებული, მას შეუძლია როგორც მშობლების, ისე 21-წლამდე შვილების დასპონსორება. დასპონსორებაში იგულისხმება, რომ შეუძლია, ოჯახის წევრთან დაკავშირებით, ვინც ჯდება შესაბამის კრიტერიუმებში, გაგზავნონ ოჯახის გაერთიანების აპლიკაცია. ეს ჯერ ეგზავნება ამერიკის შიგნით საემიგრაციო სამსახურს, ქვეყნის შიდა უწყებას, ნებართვა ჯერ აქედანაა საჭირო. სამსახური როდესაც ჩათვლის, რომ ამ ადამიანს შეუძლია შემოიერთოს ოჯახის წევრი, დოკუმენტებს უგზავნის ვიზის ეროვნულ ცენტრს, რომელიც არის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ნაწილი. ჩვენთან ანალოგი რომ ავიღოთ, ეს არის საგარეო საქმეთა სამინისტრო. პროცესი უკვე გადადის ამერიკის შიგნიდან გარეთ, საკონსულოში. ქართული მაგალითი რომ ავიღოთ, ამერიკის საკონსულოში, სადაც ყოველწლიურად ძალიან ბევრი ადამიანი შედიოდა გასაუბრებაზე. შემდეგ უკვე სახელმწიფო დეპარტამენტი, თავისი საზღვარგარეთის საკონსულოების მეშვეობით, ამენეჯმენტებდა და არეგულირებდა ამ პროცესს.
ოფიციალურ მიზეზად დაასახელეს, რომ უამრავი ადამიანი, რომელიც ჩამოდის თუნდაც საემიგრაციო ვიზით ამერიკაში, სხვადასხვა სოციალური დახმარებებით და ჯანდაცვის პროგრამების მომსახურებით სარგებლობს, რაც ბიუჯეტს ტვირთად აწვება. ამერიკის ახალი მთავრობის პოზიცია ასეთია, ყოველ შემთხვევაში. სწორედ აქედან გამომდინარე, გადაწყვიტა ამერიკის მთავრობამ, რომ შეცვალოს ის კრიტერიუმები, რომლითაც მოხდება საემიგრაციო ვიზების გაცემა. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ გაქრა და საერთოდ აღარ იარსებებს ეს დოკუმენტი. დაპაუზებულია იქამდე, სანამ ახალი კრიტერიუმების შემუშავება მოხდება. რა კრიტერიუმები იქნება, ამაზე ჯერ საუბარი არ არის. თუმცა ის, რომ ამერიკაში ემიგრაცია მთლიანად ჩაიკეტა და დასრულდა, რეალობას არ შეესაბამება.
ეს ყველაფერი, ძირითადად, გავლენას მოახდენს იმ ადამიანებზე, ვისაც ოჯახის წევრი ჰყავს ამერიკაში. რომ შევაჯამოთ, დაპაუზდა ლეგალური ემიგრაცია. უფრო კონკრეტული მაგალითი კი არის ის, რომ ოჯახის წევრების ჩამოყვანა ვისაც უნდა და შეუძლია კიდეც აქ, მათთვის არის პროცესი დაპაუზებული. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავითვალისწინოთ, პროცესის დაპაუზება არ ნიშნავს არც იმას, რომ ადამიანს საბუთების გაგზავნის უფლება ეზღუდება. გაგზავნა შეუძლია, გადაწყვეტილებასაც მიიღებს, მაგრამ როდის ჩაენიშნება გასაუბრება, რას მოითხოვენ მისგან გასაუბრებაზე და ა.შ. ეს პროცესია დაპაუზებული. თანაც, დაპაუზებულია მხოლოდ იქამდე, სანამ შეიმუშავებენ ახალ კრიტერიუმებს, რომლის მიხედვითაც, შეეძლებათ უკვე საემიგრაციო ვიზების გაცემა.
თუ ჟღერდება ქვეყნის შიგნით გარკვეული ინფორმაციები იმასთან დაკავშირებით, რა ახალ კრიტერუმებთან შეიძლება გვქონდეს საქმე?
არავინ იცის, სამწუხაროდ. რაც თქვენ გაიგეთ, ის გაიგეს ამერიკის შიგნით მცხოვრებმა ადამიანებმაც ამ ყველაფერზე. ზოგადად, მოცემულობა არის ასეთი, რომ საკითხი არ ეხება მხოლოდ საქართველოს. უამრავ ქვეყანას შეეხო, მსოფლიოს თითქმის ყველა წერტილიდან ხდება აშშ-ში ემიგრაცია და სწორედ აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ თითქმის მთელს მსოფლიოს შეეხო. ზოგადად, დიდ სურათში, ახალი ადმინისტრაციის საემიგრაციო პოლიტიკაში ეს ჯდება. მათი გაცხადებული მიზანია, რომ ამერიკაში ემიგრაცია უნდა შემცირდეს. ახალი ადმინისტრაციისთვის პრიორიტეტულია საემიგრაციო კანონების აღსრულება და უფრო მეტი მონიტორინგი, რათა ქვეყანაში უკანონო მიგრაცია აღკვეთონ. ეს ამ ადმინისტრაციის ერთ-ერთი საარჩევნო დაპირება ისედაც იყო და მიყვებიან კიდეც, ამ დაპირებას.
ზოგად ჭრილში, რამდენად გართულებულია საქართველოდან ამერიკაში ემიგრირების პროცესი? ერთ-ერთი მთავარი მიმართულება მექსიკის საზღვრის კვეთა იყო, არაერთი ცნობა გავრცელდა ამ კუთხით გამკაცრებების შესახებაც, ხდება თუ არა რეალური აღსრულება ამ ნაწილში?
მექსიკის საზღვრიდან შემოსვლის კუთხით, ვითარება შეცვლილია. გააჩნია, ვისი მხრიდან შევხედავთ. იმ ადამიანებისთვის, ვისაც ამ გზით უნდოდათ ამერიკაში ჩამოსვლა, უარესობისკენ. ამერიკის მთავრობისა და იმ საზოგადოებისთვის კი, ვინც ამ პოლიტიკას მხარს უჭერს, რა თქმა უნდა, უკეთესობისკენაა სიტუაცია შეცვლილი. ეს იმიტომ, რომ უკანონოდ ქვეყანაში ძალიან ბევრი ადამიანი ვეღარ შემოდის. მაგ წერტილიდან გადმოსვლა და ჩაბარება პრაქტიკულად, აღარ ხდება. პრინციპში, წინა ადმინისტრაციის პირობებშიც, ბოლო თვეებში უკვე დაწყებული იყო ეს ტენდენცია, მაგრამ ახლა ბევრადაა გამკაცრებული მიდგომა. მე არც გამიგია, რომ ვინმე ბოლო ერთი-ორი წლის განმავლობაში შემოსულიყოს მექსიკიდან. მაშინ, როცა ძალიან აქტიური მიმართულება იყო ეს საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში.
უკანონო შემოსვლაზე როცა ვსაუბრობთ, აქ იგულისხმება საზღვრების ვიზის გარეშე გადმოკვეთა. დანარჩენი, საელჩოდან ვინც იღებდა ტურისტულ ან სასწავლო ვიზებს, მოკლე ვიზიტებს გეგმავდა და ა.შ. ამ მხრივ ოფიციალურად, კანონის მიხედვით, არაფერი შეცვლილა. აქ საუბარია იმაზე, რამდენად მკაცრად ან ნაკლებად მკაცრად შეიძლება მიუდგეს საკონსულოში ოფიცერი ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც უნდა არა საემიგრაციო ვიზის აღება. მაგ მხრივ, ბევრი არაფერი ცვლილება ყოფილა ოფიციალურად. არც იქამდე ხდებოდა დიდად ვიზების გაცემა და არც ახლა, სავარაუდოდ. რა სტატისტიკაც მინახავს, ტურისტული ვიზები საკმაოდ მკაცრად გაიცემა საქართველოში.
როგორც ვიცით, ბოლო დროს საკმაოდ გააქტიურებულია საემიგრაციო პოლიციაც, ხომ არ გსმენიათ ქართველი ემიგრანტების დაკავების შესახებაც?
ქვეყნის შიგნით საემიგრაციო პოლიცია აქტიურ და აგრესიულ ტაქტიკას იყენებს იმისთვის, რომ ადამიანები დააკავონ. რამდენად სამართლიანად ან არასამართლიანად ხდება ეს, ვერაფერს ვიტყვი ამაზე, ისედაც ყველა ყველაფერს ხედავს. ვინც დაინტერესებულია ამ საკითხებით, კიდევ უფრო კარგად. ვითარება ამ მხრივ არის საკმაოდ გამკაცრებული. რიცხვებში საუბარი ძალიან ძნელია, რადგან მე ამ სტატისტიკაზე ხელი არ მიმიწვდება. შემიძლია ვიხელმძღვანელო იმით, რასაც ვხედავ და გარშემო მესმის. ისეთი შემთხვევებიც ყოფილა, რომ ქართველი ემიგრანტები დაუკავებიათ.
ზოგადად, საემიგრაციო პოლიცია აკავებს ისეთ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ კრიმინალური წარსული. თუმცა, ამ ბოლო დროს, შეიცვალა კანონმდებლობა და ნებისმიერი დარღვევა, რომელიც ადამიანს შეიძლება ჰქონდეს, წვრილმანი ხულიგნობა, მოპარვა, ნასვამ მდგომარეობაში მანქანის ტარება და ა.შ. შეიძლება დაკავების მიზეზი გახდეს. ადრე ამის გამო საემიგრაციო პოლიცია არ აკავებდა, თუმცა, როგორც გითხარით, ახალი კანონმდებლობის მიხედვით, ნებისმიერი დანაშაული შეიძლება ამის წინაპირობა გახდეს. რა თქმა უნდა, ეს ძირითად შემთხვევაში, ეხებათ ემიგრანტებს, რომლებიც არც მოქალაქეები და არც „მწვანე ბარათის“ მფლობელები არ არიან. იმასაც აქვს მნიშვნელობა, სადაც ეს მოხდება, ის შტატი თუ თანამშრომლობს ფედერალურ საემიგრაციო პოლიციასთან და ამ ინფორმაციას მათ თუ უზიარებს. გააჩნია შტატს, არის განსხვავებები ამ კუთხითაც. ზოგიერთი შტატის პოლიცია, კანონმდებლობით თანამშრომლობს და უზიარებს ამ ინფორმაციას საემიგრაციოს, ზოგიერთს ამის ვალდებულება არ გააჩნია.
თუ ადამიანს არანაირი ლეგალური სტატუსი არ აქვს ქვეყანაში და პირობითად, სუპერმარკეტიდან მოიპარა ჩიფსი და დაიჭირა პოლიციამ, მას შტატის პოლიცია ეტყვის, რომ პატიმრობა არ ეკუთვნის, გაათავისუფლებს, მაგრამ პარალელურად, დააკავებს საემიგრაციო პოლიცია. ეს მოხდება მხოლოდ იმიტომ, რომ არ აქვს უფლება, ქვეყნის ტერიტორიაზე იყოს. ანუ მან არა შტატის, არამედ ფედერაციის საერთო კანონმდებლობა დაარღვია.
საემიგრაციო პოლიციამ ადამიანი შეიძლება დააკავოს იმის გამოც, რომ მან 6-თვიანი ტურისტული ვიზა დაარღვია. თუმცა, აქ ერთ საკითხამდე მივდივართ. საიდან უნდა გაიგოს ეს პოლიციამ? ვიზა ვინ დაარღვია, მაგის დადგენა შედარებით მარტივია, მაგრამ როგორ უნდა მოძებნო ეს ადამიანი. 11 მილიონამდე პირი არ იმყოფება ამერიკაში ამჟამად კანონიერი სტატუსით. ანუ მათ არანაირი სამართლებრივი გზა არ აქვთ ამ ქვეყანაში ცხოვრებისთვის არჩეული. ეს ხალხი ხომ უნდა მოძებნოს პოლიციამ? 11 მილიონი ადამიანი რომ მოძებნო და დაადეპორტო, წარმოიდგინეთ, ეს არის უზარმაზარ ადამიანურ რესურსებთან დაკავშირებული. თუმცა, ასეთი ფაქტებიც მომხდარა არაერთხელ.
კარგად რომ გაიზროს მკითხველმა, ბუნებრივია, საემიგრაციო პოლიცია ორიენტირებულია იმაზე, გამოავლინოს საემიგრაციო კანონის დარღვევის შემთხვევები, დაწყებული ვიზის ვადის გადაცილებიდან, დამთავრებული ქვეყანაში სხვა უკანონო გზებით ყოფნის შემთხვევებამდე. უბრალოდ, ამის გამოვლენა და დაიდენტიფიცირება ჭირს. როცა ადამიანი არაფერს არ აშავებს, შესაძლოა, ამ მონაცემთა ბაზაში ვერც ვერასდროს მოხვდეს.
მოქალაქეობის მიღებას საკმაოდ ბევრი ქართველი ემიგრანტი ცდილობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ეს პროცედურებიც ხომ არ გართულდა?
ამ კუთხით არსებობს პროცედურები, რომელსაც საემიგრაციო სამსახური განსაზღვრავს და რა თქმა უნდა, შეცვლაც შეუძლიათ. ამ ეტაპზე, რომ გითხრათ, ის ტრადიციული გზები, რომლითაც ქართველი და არა მხოლოდ ქართველი ემიგრანტები ცდილობდნენ სტატუსის ცვლილებას, თითქმის იგივეა. შესაძლოა, საემიგრაციო ოფიცრებს ჰქონდეთ რაღაც უფრო მკაცრი ინსტრუქცია, რომ კიდევ უფრო მკაცრად მოხდეს მონიტორინგი, თუმცა ამაზე მე ვერაფერს გეტყვით. როგორც წესი, ეს შიდა დოკუმენტები, შიდა მემორანდუმებია ხოლმე, რომელშიც ხდება შემდეგ ამ საქმეების ადმინისტრირება.
საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების ფონზე, ხომ არ არის შეფერხებები ემიგრანტების დასაქმების მხრივ?
რა სფეროშიც საქმდებოდნენ მასობრივად იქამდე, იმ სფეროში საქმდებიან ახლაც. უბრალოდ, ამ ეტაპზე ემიგრაციის ის ტალღა აღარ არის, როგორიც მაგალითად, იყო 3 წლის წინ, როცა ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოდიოდა აქ. მაშინაც მომსახურების სფერო იყო საწყისი და ახლაც ასეა. მიტანის სერვისი, ტაქსი, ოჯახებში მომვლელად მუშაობა, სატვირთოს მართვა და გადაზიდვები ძირითად მიმართულებებად რჩება.
როგორც ამბობენ, დასაქმების პროცესი ცოტა გართულებულია, უფრო მეტ ადამიანს სთხოვენ ლეგალურ დოკუმენტებს და ა.შ. თუმცა, გამიჭირდება ამის დაზუსტებით თქმა. სავარაუდოდ, გართულებულია. რადგანაც გამკაცრდა საემიგრაციო კანონების აღსრულება, შესაძლოა, ამან თავის თავში ვითარების ასეთი გართულებაც მოიცვა.
ადრე საკმაოდ გავრცელებული იყო მუშაობის დაწყება ისე, რომ ადამიანს არ ჰქონდა შესაბამისი დოკუმენტები. ზოგადად, ოფიციალურ ჭრილში თუ ვისაუბრებთ, ამერიკაში რომ იმუშაოს ადამიანმა, მას სჭირდება „მწვანე ბარათი“ ან მოქალაქეობა. ეს არის პირველი ორი, რაც ყველაზე მეტად სავალდებულოა. ამას გარდა, არსებობს მილიონობით ადამიანი, რომელებიც ჯერ „მწვანე ბარათის“ მიღების პროცესში არიან, თავშესაფრის მოთხოვნა აქვთ დაყენებული და ა.შ. თუ პირს ეს პროცესი დაწყებული აქვს, ასეთ შემთხვევაშიც ეკუთვნის მუშაობის უფლება. ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაღაც კანონიერ, ლეგალურ პროცესშია თავისი საემიგრაციო საქმის კუთხით, ეს დროებითი დოკუმენტი გაიცემა. გაიცემა სოციალური უსაფრთხოების ბარათიც. სოციალური უსაფრთხოების ბარათით და მუშაობის უფლების დოკუმენტით, ადამიანს აქვს უფლება, იმუშაოს. დამსაქმებელი მას რომ ჰკითხავს, გაქვს თუ არა ქვეყანაში მუშაობის უფლება, ამ ორ დოკუმენტს აჩვენებს.
იყო შემთხვევები და საკმაოდ გავრცელებულიც, რომ ამ დოკუმენტების გარეშეც მუშაობდა ხალხი ამერიკაში წლობით. თუმცა, რადგან ახლა საემიგრაციო კანონი გამკაცრდა, გამკაცრდა ამის აღსრულებაც. რეალურ ცხოვრებაში რამდენად ხდება, რომ ადამიანები ამ დოკუმენტების გარეშე ვერ ახერხებენ სამუშაო ადგილების ნახვას, ამის თქმა ძალიან გამიჭირდება. ზოგადი განწყობა კი ასეთია, რომ გამკაცრდა და შეიცვალა მიდგომა, თუმცა, ამერიკაში სამსახურები აღარ იშოვება საერთოდ და ასე შემდეგ, ეს რეალობას ნამდვილად არ შეესაბამება. რამდენიმეკვირიანი ძებნის შემდეგ, დიდად არავის არ უჭირს სამსახურის პოვნა. რაღაც ტიპის სამსახურს ყველა პოულობს. რამდენად დასაკმაყოფილებელია, მისაღები და პრესტიჟული მისთვის, ეს სხვა ამბავია.
ბოლოს, რას ურჩევთ იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოდან ამერიკაში გეგმავდნენ ან გეგმავენ წამოსვლას?
ყველას ისტორია და მოტივაცია ინდივიდუალურია. უბრალოდ, ეცადონ, იცოდნენ რა არის მათი უფლებები და ვალდებულებები. რას ითხოვს ამერიკა მათგან. არალეგალური ემიგრაცია არის ძალიან გამკაცრებული, შემცირებული და დიდი ზედამხედველობის ქვეშ, ამ ეტაპზე. შესაბამისად, ის ტრადიციული გზები, რაც რამდენიმე წლის წინ იყო, მექსიკა და სამხრეთ საზღვარი, პრაქტიკულად, აღარ არსებობს. ეს ჩემი ინფორმაციით და შეხედულებით, შესაძლოა, სხვას სხვა შეხედულება ჰქონდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, იცოდნენ მათი უფლებები, რასაც მოჰყვება ასევე კონკრეტული ვალდებულებებიც. წესები, რომელსაც ამერიკა განსაზღვარვს და ყველა ის ადამიანი, ვისაც უნდა ამერიკაში ემიგრაცია, ამ წესებს უნდა დაემორჩილოს.


