1765693967
რა პირობებით ჩაირიცხებიან ჩინელები ქართულ და ქართველები ჩინურ უნივერსიტეტებში - დეტალები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების სამინისტროს შორის უმაღლესი განათლების ხარისხისა და დიპლომების/სერტიფიკატების ურთიერთაღიარების შესახებ შეთანხმება გაფორმდა.
როგორც საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში ვკითხულობთ „შეთანხმება განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობასა და ქვეყნებს შორის ტალანტების მობილობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად“.
დოკუმენტი განსაზღვრავს მხარეების მიერ ქვეყნებში გაცემული უმაღლესი განათლების ხარისხების/სერტიფიკატების აღიარების საკითხებს და იმ პირობებს, რომლითაც ქართველებს ჩინურ, ჩინელებს კი ქართულ უნივერსიტეტებში შეეძლებათ სწავლის გაგრძელება.
მიღების მოთხოვნები ჩინელი სტუდენტებისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ასე განისაზღვრა:
1. საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ინარჩუნებენ უფლებას, დაადგინონ კვალიფიკაცია, ქულები და გამოცდის შედეგები, რომლებიც საჭიროა სწავლის ყველა საფეხურზე, საკუთარი წესდების შესაბამისად.
2. საშუალო სკოლის კურსდამთავრებული ან ჩინეთში ეკვივალენტური განათლების დონის მქონე სტუდენტი შეიძლება ჩაირიცხოს საქართველოში უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ბაკალავრის ხარისხის მოსაპოვებლად, იმ პირობით, თუ დაკმაყოფილდება მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კონკრეტული მოთხოვნები.
3. სპეციალიზებული საგანმანათლებლო კურსის დამამთავრებელი სერტიფიკატის (ჟუანკე) მფლობელი ან ჩინეთში ეკვივალენტური განათლების დონის მქონე სტუდენტი შეიძლება ჩაირიცხოს საქართველოში ბაკალავრის ხარისხის მოსაპოვებლად უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე, იმ პირობით, თუ დაკმაყოფილდება მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კონკრეტული მოთხოვნები.
4. ბაკალავრის დიპლომის მფლობელი ან ჩინეთში ეკვივალენტური განათლების დონის მქონე სტუდენტი შეიძლება ჩაირიცხოს საქართველოში მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე, მისაღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კონკრეტული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში.
5. მაგისტრის ხარისხის მფლობელი ან ჩინეთში ეკვივალენტური განათლების დონის მქონე სტუდენტი შეიძლება ჩაირიცხოს საქართველოში დოქტორანტურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე, მისაღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სპეციფიკური მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში.
საქართველოს სტუდენტებისთვის ჩინეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და კვლევით ინსტიტუტებში ჩარიცხვის მოთხოვნები კი ასე განისაზღვრა:
1. ჩინეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები და კვლევითი ინსტიტუტები ინარჩუნებენ უფლებას დაადგინონ კვალიფიკაცია, ქულები და გამოცდის შედეგები, რომლებიც საჭიროა ყველა სასწავლო კურსზე, საკუთარი რეგულაციების შესაბამისად.
2. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელი ან საქართველოში ეკვივალენტური განათლების დონის მქონე სტუდენტი შეიძლება ჩაირიცხოს ჩინეთში სპეციალიზებულ საგანმანათლებლო კურსზე, დასრულების სერტიფიკატის (ჟუანკე) მიმნიჭებელ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე, იმ პირობით, თუ დაკმაყოფილებული იქნება მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კონკრეტული მოთხოვნები.
3. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელი ან საქართველოში ეკვივალენტური განათლების დონის მქონე სტუდენტი შეიძლება ჩაირიცხოს ჩინეთში უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე, სადაც მოიპოვებს რეგულარული კურსის დამამთავრებელ სერტიფიკატს ან/და ბაკალავრის ხარისხს, მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კონკრეტული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში.
4. ბაკალავრის დიპლომის მფლობელი ან ეკვივალენტური განათლების დონის მქონე სტუდენტი შეიძლება ჩაირიცხოს ჩინეთში უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე, სადაც მოიპოვებს დასრულების სერტიფიკატს (მაგისტრატურის საფეხურის) ან/და მაგისტრის ხარისხს, მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან კვლევითი ინსტიტუტის სპეციფიკური მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში.
5. საქართველოში მაგისტრის ხარისხის მფლობელი ან ეკვივალენტური განათლების დონის მქონე სტუდენტი შეიძლება ჩაირიცხოს ჩინეთში უმაღლესი განათლების პროგრამაზე, სადაც მოიპოვებს დამამთავრებელ სერტიფიკატს (დოქტორანტურის საფეხურის) ან/და დოქტორის ხარისხს, იმ პირობით, თუ დაკმაყოფილებული იქნება მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან კვლევითი ინსტიტუტის სპეციფიკური მოთხოვნები.
შეთანხმება გაფორმდა ხუთი წლის ვადით და მომდევნო ხუთი წლით ავტომატურად განახლებას ითვალისწინებს. შეთანხმებას ხელი ქალაქ უხანში მოეწერა.



