1787555353
რა ქონებას ფლობს ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი მოხელე საქართველოში - დავით ვარდიაშვილის ქონებრივი დეკლარაცია
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი, დავით ვარდიაშვილი წარუდგინა. ამ უკანასკნელმა თანამდებობაზე ვანო ზარდიაშვილი შეცვალა, რომელმაც პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
დავით ვარდიაშვილს აქამდე „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ გენერალური დირექტორის თანამდებობა ეკავა.
დავით ვარდიაშვილმა ქონებრივი დეკლარაცია 2026 წლის იანვარში შეავსო.
დეკლარაციის მიხედვით, დავით ვარდიაშვილი ფლობს 370 კვ.მ ბინას და 43 კვ.მ მიწის ნაკვეთს თბილისში, მცხეთის ქუჩაზე, რომელიც 2019 წელს შეიძინა. ამასთან, 1089 კვ.მ აგარაკს კოჯორში, რომელიც მან 2020 წელს ჩუქებით მიიღო.
დეკლარაციის შევსების მომენტში, დავით ვარდიაშვილს საბანკო ანგარიშზე ჯამში ჰქონდა 192 ლარი, ნაღდი ფულის სახის კი 75 000 დოლარის და 15 000 ლარის დანაზოგი.
რაც შეეხება შემოსავალს, დავით ვარდიაშვილმა 2025 წლის 4 თვეში, როდესაც მას საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალური დირექტორის პოსტი ეკავა, ხელფასის სახით 59 018 ლარი აიღო (თვეში 14 754 ლარი). 27 539 ლარის ანაზღაურება მიიღო იანვარ-ივნისის ჩათვლით ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ვიცე-გუბერნატორის თანამდებობაზე ყოფნისას. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორის პოსტზე მუშაობისას (ივლისი-აგვისტო) 12 655 ლარის შემოსავალი მიიღო.
რაც შეეხება ვანო ზარდიაშვილს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მან „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” გენერალური დირექტორის პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე მიმდინარე წლის აგვისტოში დატოვა. მან აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობისთვის 2025 წელს ხელფასის სახით 215 218 ლარი აიღო (თვეში საშუალოდ 17 934 ლარი).



