რა ქონებას ფლობს სულხან თამაზაშვილი, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა

სულხან თამაზაშვილი

აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა.

კობახიძის თქმით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი პრეზიდენტთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან კონსულტაციების საფუძველზე უახლოეს პერიოდში დასახელდება.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს სულხან თამაზაშვილი. თამაზაშვილმა ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2025 წლის ნოემბერში შეავსო.

რა ქონებას ფლობს სულხან თამაზაშვილის ოჯახი

ამ დოკუმენტის მიხედვით, სულხან თამაზაშვილის საკუთრებაშია მემკვიდრეობით მიღებული 2 მიწის ნაკვეთი, სადაც 50%-იანი წილი აქვს. ორივე მათგანი (2500 კვ.მ და 2498 კვ.მ) ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამებაში მდებარეობს. მის საკუთრებაშია ბინა თბილისში, რომელიც 2021 წელს 50 000 ლარად შეიძინა.

ამასთანავე, თამაზაშვილის მეუღლის საკუთრებაშია წავკისში აგარაკი, რომელიც მემკვიდრეობით მიიღო და 50%-იანი წილი აქვს.

დოკუმენტების მიხედვით, ოჯახს ავტოსატრანსპორტო საშუალება არ აქვს.

რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების დროს სულხან თამაზაშვილის ოჯახის წევრებს ჯამში ანგარიშზე უფიქსირდებოდათ 6 900 ლარი. აქედან ანგარიშზე, რომელზეც სულხან თამაზაშვილს 5 750 ლარი ჰქონდა, უთითებს, რომ წვდომა 2024 წლის დეკემბრიდან შეზღუდული აქვს.

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს სულხან თამაზაშვილი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო. მან 2024 წლის განმავლობაში ხელფასის სახით 105 206 ლარი აიღო.

2024 წლის ნოემბრიდან დეკემბრის ბოლომდე მისი მეუღლე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს სასაქონლო ექსპერტიზის დეპარტამენტში იყო დასაქმებული, სადაც ხელფასის სახით 5 614 ლარი გამოიმუშავა.

ქონებრივ დეკლარაციაში თამაზაშვილი უთითებს, რომ 2023 წელს აიღო ათწლიანი სამომხმარებლო სესხი 60 000 ლარის ოდენობით, გასავალი კი ჰქონდა 19 993 ლარი.

შეგახსენებთ, რომ სულხან თამაზაშვილი 2025 წლის 7 აპრილიდან იკავებდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს.

BPN