რა თანხა შევიდა ბიუჯეტში 2025 წელს თბილისის მერიის სამსახურების მიერ დაწერილი ჯარიმა/საურავებიდან

კონტროლიორი

2025 წელს, დედაქალაქის მერიის სამსახურების მიერ ყველაზე მეტ ჯარიმა, „თბილისი პარკინგის“ თანამშრომლებმა დაწერეს. როგორც ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) ანგარიშიდან ჩანს, მათზე მთლიანი ჯარიმების თითქმის 63% მოდის.

რაც შეეხება, ზოგადად, თბილისის მერიის სამსახურების მიერ გამოწერილი ჯარიმებით, ბიუჯეტში გადახდილი თანხის მოცულობას, გასულ წელს 27.890 მლნ ლარი (27 890 270 ლარი) შეადგინა.

უფრო კონკრეტულად, გთავაზობთ როგორ ნაწილდება დედაქალაქის ტერიტორიაზე, სხვადასხვა სამსახურების მიერ გამოწერილი ჯარიმების მოცულობა:

  • დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევის გამო - 17 527 091 ლარი;
  • შემოსავალი სანქციებიდან (ჯარიმები და საურავები) დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით სატვირთო ავტომობილის (N1, N2 და N3 კატეგორიების) მოძრაობა ან ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირისთვის სამეწარმეო საქმიანობისთვის საქონლის სატრანსპორტო საშუალებით მიწოდება/ტრანსპორტირება დედაქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული ადგილის ან/და დროის დარღვევისათვის - 2 972 751 ლარი;
  • შემოსავალი სანქციებიდან (ჯარიმები და საურავები) დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში დედაქალაქის თვითმმართველობის მიერ განსაზღვრულ გზებზე დადგენილი ავტობუსების გაჩერების ადგილების გარდა სხვა ადგილებზე გაჩერება ან ავტობუსების გაჩერების ადგილებზე სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების გაჩერება ან დგომისათვის - 104 666 ლარი;
  • შემოსავალი სანქციებიდან (ჯარიმები და საურავები) საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების დარღვევით ან შესაბამისი ნებართვის გარეშე განხორციელებისათვის - 3 153 188 ლარი;
  • შემოსავალი სანქციებიდან (ჯარიმები და საურავები) დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის განკუთვნილ სპეციალურ ზოლში (BUS LINE) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის, გაჩერების ან დგომისათვის - 509 462 ლარი;
  • შემოსავალი სანქციებიდან (ჯარიმები და საურავები) დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ველობილიკზე ან ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე ველოსიპედის გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების (გარდა საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული გამონაკლისებისა) მოძრაობის, გაჩერების ან დგომისათვის ან წინასწარი შეცნობით სატრანსპორტო საშუალების გზაზე გაჩერების ან დგომისათვის სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის ან ნიშნების), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრის ან „TEST“ ნომრის გარეშე - 970 971 ლარი;
  • შემოსავალი სანქციებიდან (ჯარიმები და საურავები) საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ტაქსის პარკირებისთვის განკუთვნილ ადგილზე იმ სატრანსპორტო საშუალების პარკირებისათვის, რომელზედაც ტაქსით გადაყვანის ნებართვა გაცემული არ არის და რომლის ტაქსის პარკირებისათვის განკუთვნილ ადგილზე პარკირება მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს მიერ დაშვებული არ არის - 191 562 ლარი;
  • შემოსავალი სანქციებიდან (ჯარიმები და საურავები) საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალების გზაზე მიტოვებისათვის - 1 300 ლარი;
  • უბილეთო მგზავრობის გამო - 2 459 279 ლარი.

შეგახსენებთ, რომ თბილისში მერიის სამსახურების მიერ გამოწერილ ჯარიმებზე აღსრულების წესი იცვლება. კერძოდ, თუ პირი ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს დადგენილი წესით, ეს გადაწყვეტილება გამოქვეყნდება მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და მისი გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება.

bpn.ge