როგორ უნდა აიღოთ საერთაშორისო მართვის მოწმობა და როგორია მისი ღირებულება

საერთაშორისო მართვის მოწმობა

ეროვნული მართვის მოწმობის საფუძველზე, საერთაშორისო მართვის მოწმობის აღება შესაძლებელია. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიხედვით, საერთაშორისო მართვის მოწმობა გაიცემა ერთი ან სამი წლის ვადით და 200-მდე ქვეყანაში მოქმედებს.

უფრო კონკრეტულად, ეროვნული მართვის მოწმობის საფუძველზე, გაიცემა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ ჟენევის 1949 წლის 19 სექტემბრის კონვენციით გათვალისწინებული საერთაშორისო მართვის მოწმობა. მისი მოქმედების ვადა ერთი წელია, აღნიშნული მოწმობა კი ვალიდურია ჟენევის კონვენციის წევრ ქვეყნებში.

ასევე, ეროვნული მართვის მოწმობის საფუძველზე გაიცემა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ ვენის 1968 წლის 8 ნოემბრის კონვენციით გათვალისწინებული საერთაშორისო მართვის მოწმობაც. დოკუმენტის ვადა 3 წელია.შესაბამისად, საქართველოში გაცემული საერთაშორისო მართვის მოწმობა მოქმედია ვენის კონვენციის წევრ ქვეყნებში.

როგორც მომსახურების სააგენტო განმარტავს, იმისთვის, რომ პირმა საერთაშორისო მართვის მოწმობა მიიღოს, საჭიროა მომსახურების სააგენტოში წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ეროვნული მართვის მოწმობა. თუმცა, თუ ქართული მართვის მოწმობა 2014 წლის 1-ელ მარტამდე არის გაცემული, მისი შეცვლა სავალდებულოა.

რაც შეეხება ღირებულებას, საერთაშორისო მართვის მოწმობის საფასური 109 ლარია. მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ის მზადდება და გაიცემა რამდენიმე წუთში. ამასთან, საერთაშორისო მართვის მოწმობა გაიცემა მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეულში, აღნიშნული სერვისი დისტანციურად არ ხორციელდება.