1747725257
როგორი იქნება და ვინ ააშენებს ახალ უბანს შინდისში

თბილისში, სოფელ შინდისში ახალი დასახლებული ზონის მშენებლობა იგეგმება. როგორც კომპანია „კანიო ვილიჯის“ მიერ მომზადებულ სკოპინგ ანგარიშში ვკითხულობთ, საპროექტო ტერიტორია მოიცავს 376 215 კვ.მ-ს, რომელიც ორ ზონად - ინდივიდუალური სახლებისთვის, და სპორტულ/გამაჯანსაღებელ/კომერციული ინფრასტრუქტურისთვის დაიყოფა. პროექტის განხილვა 30 იანვარს გაიმართება.
„საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქ. თბილისში, სოფელ შინდისის მიმდებარედ, შპს „კანიონ ვილიჯი"-ს საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე, მიწის საერთო ფართი 376 215 კვ.მ-ია. საპროექტო ტერიტორიას გარშემო ესაზღვრება კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები, სადაც არსებული მდგომარეობით აუთვისებელი ტერიტორიებია. საპროექტო ტერიტორიის რელიეფის საშუალო დახრილობაა 10-15%, რელიეფის ცვლილება ხდება (დადაბლება) სამხრეთიდან ჩრდილოეთით. ნიშნულებს შორის სხვაობა შეადგენს 80-100 მეტრს. ტერიტორიაზე გვხვდება სეზონური ხევები.
საპროექტოდ დაგეგმილია ტერიტორიის გამიჯვნა სავარაუდოდ ორ ზონად - ინდივიდუალური სახლებისთვის, და სპორტულ/გამაჯანსაღებელ/კომერციული ინფრასტრუქტურისთვის. იგეგმება ტერიტორიის გამიჯვნა 224 ნაკვეთად, აქედან 147 იქნება ინდივიდუალური სახლებისთვის, დანარჩენი სპორტულ/გამაჯანსაღებელ/კომერციული, სარეკრეაციო და სატრანსპორტო დანიშნულებით. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, შენობების სიმაღლე არ იქნება 2-4 სართულზე მეტი, აღნიშნული საკითხი დაზუსტდება გზშ-ის ეტაპზე“, - აღნიშნულია „კანიონ ვილიჯის" განახლებული სკოპინგ ანგარიში, რომელიც კომპანიამ გარემოს ეროვნული სააგენტოს შენიშვნების შესაბამისად მოამზადა.
„კანიონ ვილიჯი“ სამეწარმეო რეესტრში 2023 წლის ივლისში დარეგისტრირდა. კომპანიის 100%-იან წილს „სიგმა 2018“ ფლობს, დირექტორი კი მიხეილ მენთეშაშვილია. „სიგმა 2018“-ის მფლობელი კი გრიგორი გუდავაძეა.