ბანანის მოსაყვანად მიწის 66% უვარგისი გახდება - გლობალური დათბობის შედეგი

ბანანი

კლიმატური კრიზისი მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ ხილს, ბანანს საფრთხეს უქმნის. ამის შესახებ ბრიტანულ ჰუმანიტარულ პროექტ Christian Aid-ის ბოლო ანგარიშში წერია, რასაც The Guardian ავრცელებს.

კერძოდ, ნელი კლიმატური კატასტროფის შედეგად დაზარალებულ ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის აუზის კუნძულებზე 2080 წლისთვის ბანანის მოსაყვანად ამჟამად გამოყენებული მიწის, დაახლოებით, 66% სოფლის მეურნეობისთვის შესაძლოა, უვარგისი გახდეს.

ბანანის, დაახლოებით, 80%, რომელიც მთელ მსოფლიოში სუპერმარკეტებს მიეწოდება, სწორედ ამ რეგიონებიდან გადის ექსპორტზე.

ექსპერტები ანგარიშში განმარტავენ, რომ ბანანის მწარმოებელ ქვეყნებს, განსაკუთრებით, გვატემალას, კოსტა-რიკასა და კოლუმბიას ამჟამად ისეთი კლიმატური საფრთხეები ემუქრებათ, როგორიც არის ტემპერატურის მნიშვნელოვანი ზრდა, ამინდის ექსტრემალური პირობები და მოვლენები, კლიმატის ცვლილების ფონზე გავრცელებული მავნებლები, ნიადაგის მიკრობები და სოკოები.

ეს სასურსათო კულტურების მოსავლიანობას ამცირებს და სოფლის თემებს ანადგურებს.

Christian Aid-ის შეფასებით, ბანანი საკმაოდ „ნაზი“ ხილია და მის მოსაყვანად საჭიროა ტემპერატურის დიაპაზონი 15°C-დან 35°C-მდე; ასევე, ბევრი კი არა, არამადე საკმარისი რაოდენობის წყალი და შედარებით მშვიდი ამინდი, რადგან ბანანი მგრძნობიარეა ქარიშხლების მიმართ, რამაც შესაძლოა, მცენარის ფოთლები დაგლიჯოს და მისი ფოტოსინთეზი შეაფერხოს.

ექსპორტიორებს შორის განსაკუთრებით პოპულარული კავენდიშის სახელით ცნობილი ჯიშია. იმის მიუხედავად, რომ მსოფლიოში ბანანის ასობით სახეობა არსებობს, ხილის კონგლომერატებმა მოსაყვანად და გასაყიდად კავენდიშის ჯიში მისი მაღალი მოსავლიანობის, ყინვაგამძლეობისა და კარგი გემოს გამო აირჩია.

ამასთან, გენეტიკური ვარიაციის არარსებობა ამ ხილს სწრაფად ცვალებადი კლიმატის მიმართ განსაკუთრებით დაუცველს ხდის.

Christian Aid-ის მონაცემებით, ბანანი მსოფლიოში ყველაზე ხშირად მოხმარებადი ხილია. ხორბლის, ბრინჯისა და სიმინდის შემდეგ ის მსოფლიოში მეოთხე ყველაზე მნიშვნელოვანი სასურსათო კულტურაა.

ამ მცენარეებიდან მიღებული მოსავლის, დაახლოებით, 80% ადგილობრივად მოიხმარება. ამასთან, მსოფლიოში 400 მილიონზე მეტი ადამიანი დღიური კალორიების 15-27%-ს ბანანიდან იღებს.

bpn.ge