რუსეთი NATO-ს ღვინოზე 200%-იანი საიმპორტო გადასახადის დაწესებას განიხილავს

ღვინო

რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ NATO-ს ქვეყნებიდან ღვინის საიმპორტო გადასახადის გაზრდას მხარი დაუჭირა, თუმცა ბაჟის 200%-იან ოდენობას, რასაც მევენახეთა და მეღვინეთა ასოციაცია ითხოვს, განსახილველ საკითხად მიიჩნევს. ამის შესახებ მინისტრის მოადგილე ვიქტორ ევტუხოვმა განაცხადა.

“რა თქმა უნდა, ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ, თუმცა გადასახადის 200%-მდე გაზრდა არის მაჩვენებელი, რომელიც ინდუსტრიასთან უნდა განიხილებოდეს. 200 იქნება თუ სხვა ციფრი, ბაჟის გაზრდა შეიძლება და უნდა გაიზარდოს კიდეც”, - ამბობს ევტუხოვი.

ცნობისთვის: ადგილობრივი წარმოების გასაძლიერებლად NATO-ს ქვეყნებიდან ღვინის იმპორტზე 200%-იანი ბაჟის დაწესებას მევენახეთა და მეღვინეთა ასოციაციის თავმჯდომარე, დიმიტრი კისილოვი ითხოვს. ახლახან ვიცეპრემიერ ვიქტორია აბრამჩენკომ დაადასტურა, რომ მთავრობა ამ ინიციატივას ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საბაჟო-სატარიფო რეგულირების ქვეკომისიის ფარგლებში განიხილავს.

თავის Telegram-არხზე აბრამჩენკო განმარტავს, რომ მეღვინეების წინადადება დაბალანსებულ მიდგომასა და ექსპერტების ჩართულობით ყოვლისმომცველ განხილვას მოითხოვს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსული მეღვინეობა დაჩქარებული ტემპით ვითარდება და ღვინოზე შიდა მოთხოვნილება შიდა მწარმოებლებმა შესაძლოა, სრულად დააკმაყოფილონ.