1764658492
„რუსთავის სიახლოვეს, 50 000 ჰექტარზე, სტუდენტური ქალაქი აშენდება - ანალოგიურად მოხდება ქუთაისშიც“ - გივი მიქანაძე
50 000 ჰექტარზე, რუსთავის სიახლოვეს, სტუდენტური ქალაქი აშენდება. როგორც განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა, აღნიშნულის შესახებ დადგენილება ინფრასტრუქტურის მინისტრმა მთავრობის სხდომაზე რამდენიმე დღის წინ წარადგინა და უკვე დაამტკიცეს.
„50 000 ჰექტარზე, რუსთავის სიახლოვეს აშენდება სტუდენტური ქალაქი. ამის შესახებ პირველი დადგენილება გუშინწინდელ მთავრობის სხდომაზე ინფრასტრუქტურის მინისტრმა წარადგინა, ჩვენ ეს დავამტკიცეთ და პროექტირება უკვე იწყება. წარმოიდგინეთ, 50 000 ჰექტარზე გაშენებულ კომპლექსზეა საუბარი, სადაც იქნება როგორც საცხოვრებელი, ასევე რეკრეაციული ზონები, ბიბლიოთეკები – ყველანაირი საშუალება. ფაქტობრივად, ქალაქი აშენდება“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
ამასთანავე, მანვე აღნიშნა, რომ ანალოგიური სტუდენტური ქალაქის მშენებლობა დაგეგმილია ქუთაისშიც, ძველი პარლამენტის შენობის მიმდებარედ.
„ანალოგიურად ხდება ქუთაისში – ძველი პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე. საუნივერსიტეტო ქალაქები იქნება, სადაც იქნება ყველანაირი ინფრასტრუქტურული თუ მატერიალურ–ტექნიკური ბაზები იმისთვის, რომ სრულფასოვანი, ხარისხიანი განათლება მიიღონ“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.



