სახელმწიფომ აუქციონზე გასაყიდად ძვირადღირებული Lamborghini და Bentley გამოიტანა - დეტალები

Bentley

ქონების ეროვნულმა სააგენტომ აუქციონზე გასაყიდად 2 მსუბუქი ავტომობილი გამოიტანა.

კერძოდ, სახელმწიფო ყიდის კუპეს ტიპის LAMBORGHINI HURRACAN-ს, რომლის საწყისი ღირებულებაც 480 000 ლარია. სააგენტოს ინფორმაციით, 2016 წელს გამოშვებული ავტომობილის ძრავის მოცულობა 5200 კუბური სანტიმეტრია, გარბენი კი 37766 კილომეტრს შეადგენს. მათივე ცნობით, 3 წელზე მეტია, რაც ავტომობილი ქვეყანაშია ჩამოყვანილი.

აღსანიშნავია, რომ ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციითვე, ეს კონკრეტული მოდელი საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება და მოქცეულია დროებითი შემოტანის პროცედურაში. მათივე ცნობით, ამ პროცედურის დასრულებისთვის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები შესრულებული არ არის.

რაც შეეხება მეორე ავტომობილს, 110 000 ლარია აუქციონზე გამოტანილი კუპეს ტიპის BENTLEY CONTINENTAL GT V8-ის საწყისი ღირებულება. ქონების სააგენტოს თანახმად, 2015 წელს გამოშვებული ავტომობილის ძრავის მოცულობა 3993 კუბურ სანტიმეტრს შეადგენს, გარბენი კი 98758 კილომეტრია. ამ შემთხვევაშიც, 3 წელზე მეტია, რაც ავტომობილი ქვეყანაში ჩამოყვანილია.

ცნობისთვის, ძვირადღირებული ავტომობილების გასხვისების აუქციონი გუშინ, 21 აპრილს გამოცხადდა და 5 მაისს სრულდება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში LAMBORGHINI HURRACAN-ის კლასის ავტომობილებს ღიად იშვიათად ყიდიან, თუმცა იმპორტის შემთხვევაში, ფასი აუქციონზე საწყისი ღირებულების, ტრანსპორტირებისა და განბაჟების ხარჯების გათვალისწინებით, საშუალოდ 210 ათასი აშშ დოლარიდან 230 ათას აშშ დოლარამდე მერყეობს. ფასი განსხვავებულია ავტომობილის მდგომარეობის მიხედვით.

რაც შეეხება Bentley Continental GT V8-ს, 2015 წლის, გამართულ მდგომარეობაში მყოფი ეს ავტომობილი რომ შეიძინოთ, საშუალოდ 85 ათასი აშშ დოლარიდან 110 ათას აშშ დოლარამდე თანხაა საჭირო.