საკვებით თვითუზრუნველყოფის მაჩვენებლით საქართველო ყველა მეზობელ ქვეყანას ჩამორჩება

ბოსტნეული

მსოფლიოში სასურსათო უსაფრთხოება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება, განსაკუთრებით გლობალური კრიზისების, კლიმატის ცვლილებისა და მიწოდების ჯაჭვების შეფერხებების ფონზე. Visual Capitalist-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები აჩვენებს, რომ ქვეყნების უმეტესობა საკუთარ მოსახლეობას საკვებით სრულად ვერ აკმაყოფილებს და მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმპორტზე.

ინფორმაციისთვის, კვლევის ფარგლებში შერჩეულია საკვების 7 ძირითადი ჯგუფი, მათ შორის: ხილი, ბოსტნეული, რძის პროდუქტები, ზღვის პროდუქტები, ხორცეული, ასევე, მარცვლოვანი და პარკოსანი კულტურები.

მონაცემები აჩვენებს, რომ ხშირად მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნები თვითუზრუნველყოფის კუთხით მოსალოდნელზე დაბალ რეიტინგში არიან. მაგალითისთვის, კანადა და ამერიკა 7 საკვები ჯგუფიდან მხოლოდ ოთხს ფარავენ. ხორცის, რძის პროდუქტებისა და მარცვლეულის მაღალი წარმოების მიუხედავად, ორივე ქვეყანა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ხილისა და ბოსტნეულის იმპორტზე.

კვლევის თანახმად, აღნიშნული ტენდენცია გამოწვეულია როგორც ამ ქვეყნების გეოგრაფიული მდებარეობით, ასევე, კლიმატური პირობებით. კერძოდ, ჩრდილოეთის ქვეყნებში მცენარეული საფარის შედარებით მოკლე სეზონია, რაც პროდუქციის შიდა წარმოებას ზღუდავს - ამ პირობებში განვითარებული სასოფლო-სამეურნეო სისტემებიც კი ვერ ახერხებენ ადგილობრივად დაბალანსებული კვების სრულად წარმოებას.

ამასთანავე, მონაცემები აჩვენებს, რომ შეზღუდული წყლის რესურსების გამო, რაც აფერხებს სოფლის მეურნეობის განვითარებას, ახლო აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკა მუდმივად ყველაზე ნაკლებად თვითკმარი რეგიონების სიაში არიან.

გაიანა ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც ძირითადი საკვებით სრულად თვითკმარია

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში მხოლოდ ერთი ქვეყანაა ისეთი, რომელიც 7 საკვები ჯგუფიდან ყველა შემთხვევაში სრულად უზრუნველყოს საკუთარი მოსახლეობა უზრუნველყოფას.

10 ყველაზე თვითკმარი ქვეყანა, ასე გამოიყურება:

  • გაიანა - საკვების 7 ჯგუფი;
  • ვიეტნამი - საკვების 6 ჯგუფი;
  • ჩინეთი - საკვების 6 ჯგუფი;
  • ფილიპინები - საკვების 5 ჯგუფი;
  • ომანი - საკვების 5 ჯგუფი;
  • ყირგიზეთი - საკვების 5 ჯგუფი;
  • ლაოსის სახალხო რესპუბლიკა - საკვების 5 ჯგუფი;
  • რუსეთი - საკვების 5 ჯგუფი;
  • უზბეკეთი - საკვების 5 ჯგუფი;
  • რუმინეთი - საკვების 5 ჯგუფი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის 7 ძირითადი პროდუქტის თვითუზრუნველყოფის კუთხით რუსეთი ლიდერობს, მას კი რეიტინგში მოსდევს თურქეთი. რაც შეეხება საქართველოს, სამეზობლოში ბოლო ადგილზეა.

უფრო კონკრეტულად, საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების ძირითადი სასურსათო პროდუქტებით თვითუზრუნველყოფა, ასე გამოიყურება:

  • რუსეთი - საკვების 5 ჯგუფი;
  • თურქეთი - საკვების 5 ჯგუფი;
  • აზერბაიჯანი - საკვების 4 ჯგუფი;
  • სომხეთი - საკვების 4 ჯგუფი;
  • საქართველო - საკვების 2 ჯგუფი.

BPN