"საპენსიო საკითხებზე ელისაშვილის გამოსვლები უკვე კომიკურია – მხოლოდ პოპულიზმი ისმის და არანაირი კონკრეტიკა" – გიორგი კაპანაძე

აფბას ხელმძღვანელი

„ის განცხადებები, რაც „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ე.წ. საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთის დაწევასთან დაკავშირებით გააკეთა, სამწუხაროდ,  პოპულისტური რიტორიკის გაგრძელებაა, რომელიც მოკლებულია კონკრეტიკას და არ არის ორიენტირებული საკითხის რეალურად გადაჭრაზე“, – ამის შესახებ “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, გიორგი კაპანაძემ ელისაშვილის მიერ „ღამის კურიერისთვის“ მიცემული ინტერვიუს კომენტირებისას განაცხადა.

კაპანძემ აღნიშნა, რომ, ელისაშვილი არ არის გამოსული წინასაარჩევნო თავბრუსხვევიდან და საპენსიო სესხების თაობაზე პოპულისტური შეძახილებით გამოსვლას აგრძელებს.

„როგორც ჩანს, ალეკო ელისაშვილი ისევ დარჩენილია წინასაარცევნო თავბრუსხვევაში, როცა მისი რიტორიკა საპენსიო საკითხთან დაკავშირებით, პოპულისტურ შეძახილებს არ სცდებოდა. სამწუხაროა, რომ ბატონი ალეკო ახლაც იგივეს აგრძელებს. მის ბოლო სატელევიზიო გამოსვლაშიც ვერ მოვისმინეთ რაიმე კონკრეტული. ბატონი ელისაშვილი მხოლოდ იმას აცხადებს, რომ პროცენტმა უნდა დაიწიოს. თუმცა, ეს ყველაფერი როგორ უნდა მოხდეს, მას ეს არასდროს განუმარტავს.

სამწუხაროა, რომ მისი მხრიდან არასდროს მოგვისმენია კონკრეტულ კითხვებზე პასუხები. როდესაც კონკრეტიკის დრო დგება, ის ყოველთვის კითხვებს გაურბის და მისთვის კომფორტულ პოპულიზმს განაგრძობს. სწორედ ამიტომ, საპენსიო საკითხებზე ელისაშვილის გამოსვლები უკვე კომიკურ ხასიათს ატარებს. მისი მხრიდან მხოლოდ პოპულიზმი ისმის და არანაირი კონკრეტიკა. ვფიქრობ, ეს უნდა დასრულდეს და ცოტა მეტი სერიოზულობით უნდა მივუდგეთ ამ საკითხებს.

არის თუ არა არსებული საპროცნტო განაკვეთი საბაზრო? რა ანალიზზე და რა კვლევებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ადგილი აქვს „ძარცვას“? რომელი მონაცემების ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს ამა თუ იმ პროცენტს  სამართლიანად პროცენტად და რატომ? როგორ თვლის ამ ყველაფერს  – ამ საკითხებზე მას კონკრეტული კომენტარი არასოდეს გაუკეთებია, სამწუხაროდ არც ამ ბოლო სატელევიზიო გამოსვლისას“, – აღნიშნა კაპანაძემ.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ როგორც „მოქალაქეების“ ლიდერის, ისე მთელი რიგი პოლიტიკოსების მხრიდან ისევ არ არის გააზრებული საკითხის შინაარსობრივი ასპექტები და საზოგადოებისთვის მისი სამართლიანად მიწოდების აუცილებლობა. დღემდე ვერ ვისმენთ ადეკვატურ შეფასებებს, გვესმის მხოლოდ ლოზუნგები და არა კონკრეტიკა.