რა არის ხელოვნური ინტელექტი, როგორ მუშაობს და რატომ თვლის ზოგიერთი CEO მას კაცობრიობისთვის საშიშად?

ხელოვნური ინტელექტი

ბოლო ათწლეულის განმავლობაში ხელოვნური ინტელექტი (AI) ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა. სოციალური ქსელებიდან და ფოტოებში მეგობრების ამოცნობიდან დაწყებული, მედიცინაში მიღწეული სენსაციური წარმატებებით დამთავრებული, ტექნოლოგია უსწრაფესად ვითარდება.

თუმცა, OpenAI-ის ChatGPT-ის მსგავსი ჩატბოტების გამოჩენამ საზოგადოებაში სერიოზული შიშები გააჩინა ტექნოლოგიის ეკოლოგიურ ზეგავლენაზე, ეთიკურ მხარეებსა და მონაცემთა გამოყენებაზე.

რა საფრთხეს უქმნის AI კაცობრიობას, როგორ იცვლება შრომის ბაზარი და რატომ გვაფრთხილებენ მეცნიერები გლობალურ კატასტროფაზე?

რა არის ხელოვნური ინტელექტი და როგორ მუშაობს ის?

ხელოვნური ინტელექტი კომპიუტერებს საშუალებას აძლევს, დაამუშაონ დიდი რაოდენობით მონაცემები, გამოავლინონ კანონზომიერებები და იმოქმედონ დეტალური ინსტრუქციების შესაბამისად. თუმცა, კომპიუტერებს არ შეუძლიათ აზროვნება, თანაგრძნობა ან მსჯელობა. მეცნიერებმა შექმნეს სისტემები, რომლებსაც იმ ამოცანების შესრულება შეუძლიათ, რაც ჩვეულებრივ ადამიანის ინტელექტს მოითხოვს.

ტექნოლოგია გამოიყენება ონლაინ-მყიდველების ქცევის განსაჭვრეტად, პროდუქტების რეკომენდაციისთვის, ხმოვანი ასისტენტებისთვის (Apple-ის Siri და Amazon-ის Alexa) და უპილოტო ავტომობილების სისტემების შესაქმნელად. გარდა ამისა, AI ეხმარება სოციალურ პლატფორმებს (Facebook, TikTok, X, Spotify, Deezer), რათა მომხმარებლებს პოსტები და მუსიკა შეურჩიონ. მედიცინაში კი ხელოვნური ინტელექტი გამოიყენება კიბოს გამოსავლენად, რენტგენის პასუხების შესამოწმებლად, დიაგნოზის დასაჩქარებლად და მკურნალობის ახალ იგზების მოსაძებნად.

გენერაციული AI - ChatGPT, DeepSeek და ყალბი კონტენტი

გენერაციული AI გამოიყენება სრულიად ახალი კონტენტის შესაქმნელად, რომელიც ადამიანის მიერ შექმნილისგან თითქმის არ განსხვავდება. ის სწავლობს არსებული უზარმაზარი მონაცემებიდან, როგორიცაა: ონლაინ ტექსტები და გამოსახულებები. ChatGPT, ჩინური DeepSeek, Google-ის Gemini და Meta AI პოპულარული ინსტრუმენტებია, რომელთაც ტექსტის, კოდის, სურათებისა და სხვა მასალების გენერირება შეუძლიათ.

Midjourney და Veo 3 სპეციალური აპლიკაციებია, რომლებიც ტექსტური მინიშნებებიდან გამოსახულებებსა და ვიდეოებს ქმნიან. გარდა ამისა, გენერაციული AI გამოიყენება მაღალი ხარისხის მუსიკის შესაქმნელად. ცნობილი მუსიკოსების სტილისა და ხმის მიბაძვით შექმნილი სიმღერები ინტერნეტში ვირუსულად ვრცელდება, რაც მსმენელებს ხშირად აბნევს.

კაცობრიობის განადგურების საფრთხე და გაქრობის პირას მყოფი პროფესიები

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) შეფასებით, ხელოვნურმა ინტელექტმა შესაძლოა, სამუშაო ადგილების თითქმის 40%-ზე მოახდინოს გავლენა და გლობალური ფინანსური უთანასწორობა გააღრმავოს. AI-ის განვითარების „ნათლიმამად“ აღიარებულმა პროფესორმა ჯეფრი ჰინტონმა გააფრთხილა საზოგადოება, რომ მძლავრმა სისტემებმა შესაძლოა კაცობრიობის გადაშენებაც კი გამოიწვიოს, თუმცა მისი ეს შიში მეორე „ნათლიმამამ“, იან ლეკუნმა უარყო.

2026 წლის სექტემბერში მსგავსი საგანგაშო გაფრთხილებები AI-ის მკვლევარებმაც გაავრცელეს.

ამასთან, ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ მიმდინარე რისკებზეც, AI-ის უნარზე, გაავრცელოს მიკერძოებული ინფორმაცია ან დისკრიმინაცია გაუწიოს გარკვეულ სოციალურ ჯგუფებს, რადგან სასწავლო მონაცემები საზოგადოებრივ სექსიზმსა და რასიზმს ირეკლავს. გარდა ამისა, გენერაციულ AI-ს ახასიათებს „ჰალუცინაციები“ - მცდარი ფაქტების დამაჯერებლად მტკიცება და წყაროების გამოგონება.

2025 წლის დასაწყისში Apple-მა აპლიკაციის შეტყობინებების არასწორი შეჯამების გამო AI ფუნქცია გააუქმა, ასევე Google-იც გააკრიტიკეს ძიების AI მიმოხილვებში დაშვებული შეცდომების გამო.

პრობლემები გაჩნდა სკოლებსა და სამუშაო ადგილებზეც, სადაც სტუდენტები AI-ს „შპარგალკად“ იყენებენ, ხოლო თანამშრომლები მას ფარულად იყენებენ სამუშაო პროცესში. ხელოვანები, მწერლები და მუსიკოსები (მათ შორის ABBA-ს წევრი ბიორნ ულვეუსი, იან რენკინი, ჯოან ჰარისი, ჯულიან მური და ბილი აილიში) პროტესტს გამოთქვამენ მათ მიერ შექმნილი ნამუშევრების ნებართვისა და კომპენსაციის გარეშე გამოყენების გამო.

ეკოლოგიური კრიზისი - ელექტროენერგიისა და წყლის კატასტროფული მოხმარება

მკვლევართა შეფასებით, AI ინდუსტრიამ შესაძლოა მალე იმდენივე ელექტროენერგია მოიხმაროს, რამდენსაც მთელი ნიდერლანდები. AI პროგრამებისთვის საჭირო ჩიპების წარმოება და მონაცემთა ცენტრების გაგრილება უზარმაზარ ენერგიასა და წყლის რესურსებს მოითხოვს.

დიდ ბრიტანეთში გაჩნდა შიში, რომ AI-ის განვითარების გეგმებმა შესაძლოა სასმელი წყლის მარაგები საფრთხეში ჩააგდოს. ხოლო 2024 წლის სექტემბერში Google-მა განაცხადა, რომ გადახედავდა ჩილეში მონაცემთა ცენტრის მშენებლობის გეგმას, სადაც ქვეყანა ძლიერ გვალვას ებრძოდა.

როგორ არეგულირებენ ხელოვნურ ინტელექტს მსოფლიოში?

ევროკავშირმა მიიღო ხელოვნური ინტელექტის აქტი (AI Act), რომელიც აკონტროლებს მაღალი რისკის შემცველ სისტემებს განათლების, ჯანდაცვის, სამართალდამცავ სფეროებში და ზოგიერთ შემთხვევაში გამოყენებას სრულად კრძალავს. ჩინეთში კი გენერაციული AI-ის დეველოპერებს მოეთხოვებათ მოქალაქეთა მონაცემების დაცვა, თუმცა, ისინი ქვეყნის მკაცრი ცენზურის კანონებითაც იზღუდებიან.

დიდმა ბრიტანეთმა დააწესა შეზღუდვები კონკრეტულ საფრთხეებზე (მაგალითად, „დიფფეიკ“ შიშველი ფოტოების შექმნის აკრძალვა) და შექმნა AI უსაფრთხოების დამოუკიდებელი ინსტიტუტი.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის დასაწყისში აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს არ მოუწერიათ ხელი გლობალური დეკლარაციისთვის AI-ის მდგრადი მიდგომების შესახებ.

წყარო: bbc.com