საქართველოდან ყირგიზეთში რეექსპორტით გავიდა 964 მლნ დოლარის ავტომობილი, ყირგიზეთში შევიდა - 50 მლნ-ის, 900 მლნ-ზე მეტი ღირებულების მანქანა რუსეთში “ჩარჩა” - რომან გოცირიძე

რომან გოცირიძე

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე საქართველოდან ყირგიზეთში რეექსპორტის სახით 964 მილიონი დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილის გაყიდვას სანქციების გვერდის ავლად აფასებს.

როგორც გოცირიძე განმარტავს, საქართველოდან რეექსპორტის სახით გაყიდული ავტომობილები რუსეთში „ჩარჩა“.

„საქართველოს სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის ათ თვეში საქართველოდან ყირგიზეთში რეექსპორტის სახით გაიყიდა 964 მილიონი დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილი. ყირგიზეთის სტატისტიკის მიხედვით, საქართველოდან ამ ქვეყანაში შევიდა დაახლოებით 50 მილიონი დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილი. სად გაქრა 900 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების საქონელი? რუსეთში “ჩარჩა” რა თქმა უნდა, რადგან ყირგიზეთში რუსეთის გავლით შედის მანქანები.

ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, სანქციების გვერდის ავლას ნიშნავს, თანაც აშკარა ფორმით. ყირგიზეთში რომ შესულიყო და მერე რუსეთში დაებრუნებინათ, სამართლებრივად რაღაც გამართლება შეიძლება ჰქონოდა. ამაზეც არც კი იწვალეს“, - წერს რომან გოცირიძე „ფეისბუქზე”.

ინფორმაციისთვის, „საქსტატის“ ცნობით, იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან 2 მლრდ დოლარზე მეტი ღირებულების 88 235 ერთეული მსუბუქი ავტომობილი გავიდა. ექსპორტირებული 88 235 მანქანიდან 77.7% ორ ქვეყანაში - ყირგიზეთსა და ყაზახეთში გაიყვანეს. უფრო კონკრეტულად, ყირგიზეთში გავიდა - 27 200 ერთეული (964 მლნ დოლარი), ყაზახეთში - 41 419 ერთეული (620.1 მლნ დოლარი).