საქართველოს მოსახლეობის 40%-ს აზარტული თამაშები აკრძალული აქვს - რამდენი ადამიანი ითხოვს თამაშებზე თვითშეზღუდვას

აზარტული თამაშები

საქართველოს მოსახლეობის 40%-ს აზარტული თამაშები აკრძალული აქვს. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის “ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აზარტულ და მომგებიან თამაშობებზე აკრძალულ პირთა სიაში შეტანილია 1 576 664 პირის შესახებ ინფორმაცია. (2026 წლის იანვრის მდგომარეობით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 3 941 100 ადამიანს– „საქსტატი“)

ამასთან, შემოსავლების სამსახურის ინფორმაციის თანახმად, ონლაინ სათამაშო ბიზნესის გამკაცრებული რეგულაციების შედეგად, დამოკიდებულ პირთა სიაში რეგისტრირებულია 41 042 ფიზიკური პირი.

„წლის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში, ონლაინ სათამაშო ბიზნესის გამკაცრებული რეგულაციების შედეგად, დამოკიდებულ პირთა სიაში რეგისტრირებულია 41 042 ფიზიკური პირი, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე 64 პირი, ხოლო თავად პირის მომართვის საფუძველზე 40 978 განაცხადი“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ დამოკიდებულ პირთა სიის წარმოება 2022 წლის 1-ელი მარტიდან დაიწყო. კერძოდ, “ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დამოკიდებული პირი არის ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს დაუძლეველი სურვილი და დამოკიდებულება აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებზე და რომლის შესახებ მონაცემები შეტანილია დამოკიდებულ პირთა სიაში.