საქართველოში მილიონ დოლარზე მეტი თანხის გათეთრების ფაქტზე ირანის მოქალაქე დააკავეს

დოლარი

საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაულის მორიგი ფაქტი გამოავლინა და ფულის გათეთრების ფაქტზე ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე დააკავა.

უწყების ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ფინანსური დანაშაულებისთვის ბრალდებულმა, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქემ, მის ხელთ არსებული უკანონო და დაუსაბუთებელი ფულადი თანხებისთვის კანონიერი სახის მისაცემად შეიმუშავა დანაშაულებრივი სქემა, რაც საქართველოს ტერიტორიაზე ეტაპობრივად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულადი თანხების არალეგალური გზით ფარულად შემოტანას და სხვადასხვა პირების სახელით საკუთარ საბანკო ანგარიშებზე განთავსებას გულისხმობდა.

აღნიშნული მიზნით, 2017-2020 წლებში ბრალდებულმა არალეგალური გზით, ეტაპობრივად საქართველოში შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი თანხები, რომლებიც დაკავშირებული პირების მეშვეობით საქართველოში გახსნილ თავის საბანკო ანგარიშებზე განათავსა. ასევე, თანხის ნაწილით ბრალდებულმა საქართველოში ძვირად ღირებული უძრავ-მოძრავი ქონება შეიძინა, რითაც უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინა.

გამოძიების ეტაპზე პროკურატურის მიერ ყადაღა დაედო ბრალდებულის გამგებლობაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ თანხას - 1 532 500 აშშ დოლარს და 107 550 ლარს. ასევე ყადაღა დაედო ბრალდებულის მიერ შეძენილ ძვირად ღირებულ უძრავ ქონებას, მათ შორის წყნეთში მდებარე აგარაკსა და თბილისში მდებარე ორ საცხოვრებელ ბინას, რითაც ბრალდებულს არ მიეცა ქონების შემდგომი განკარგვის შესაძლებლობა. დანაშაულებრივი გზით მიღებული, დაყადაღებული თანხის და უძრავი ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს. 

ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლით, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაიწყო, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-იდან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.