1776494460
სასკოლო ფორმები საქართველოში ბრუნდება — რა ჯდება, რამდენ მოსწავლეს შეეხება და სად არის ბიზნესშესაძლებლობები?
საქართველოში სასკოლო ფორმების სავალდებულო სისტემა ეტაპობრივად ბრუნდება. განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2026-2027 სასწავლო წლიდან პირველ ეტაპზე საჯარო სკოლების I-VI კლასებში ფორმის ტარება სავალდებულო გახდება. სახელმწიფოს განცხადებით, მიზანია სკოლებში დისციპლინის, თანასწორობისა და ერთიანი გარემოს შექმნა, თუმცა ინიციატივას მნიშვნელოვანი ეკონომიკური მასშტაბიც აქვს.
ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 2,292 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, მათგან 2,086 საჯარო და 206 კერძო. ქვეყანაში სწავლობს დაახლოებით 644,200 მოსწავლე, საიდანაც 88.8% საჯარო სკოლებშია. ეს ნიშნავს, რომ პროგრამა ასობით ათას ოჯახს და ქვეყნის მსხვილ სამკერვალო/ტექსტილის სექტორს შეეხება.
სახელმწიფომ უკვე დაიწყო ბაზრის კვლევა და მომწოდებლების შერჩევის პროცესი. გამოქვეყნებული მონაცემებით, იგეგმება ასიათასობით ერთეულის შეკვეთა — მათ შორის 292,000 გოგონას პიჯაკი, 308,000 ბიჭის პიჯაკი, 438,000 შარვალი, 616,000 ბიჭის შარვალი, ასევე ქვედაბოლოები და სხვა ელემენტები. მიწოდება ორ ეტაპად იგეგმება: პირველი ნაწილი 2026 წლის 31 ივლისამდე, სრული მოცულობა კი 20 აგვისტომდე.
განათლების მინისტრის მოადგილის, ზვიად გაბისონიას განცხადებით, ახალი სასკოლო ფორმები მშობლებისთვის დღეს არსებულ ხარჯთან შედარებით დაახლოებით 30-50 პროცენტით იაფი იქნება. მისი თქმით, ერთი მოსწავლის სრული ფორმის ღირებულება სავარაუდოდ 100 ლართან ახლოს განისაზღვრება. ასევე, სახელმწიფო სრულად დააფინანსებს იმ მოსწავლეების ფორმებს, რომელთა ოჯახებს სოციალური შეფასებით 60 000 ქულაზე ნაკლები აქვთ. გაბისონიას თქმით, მშობლების დიდი ნაწილი ინიციატივას დადებითად აფასებს, თუმცა განსხვავებული მოსაზრებებიც არსებობს.
სახელმწიფოს საბოლოო ფასები ჯერ არ გამოუცხადებია, რადგან მიმდინარეობს ბაზრის კვლევა. თუმცა თუ ავიღებთ რეგიონში არსებული საშუალო ფასები, ერთი სრული საბაზისო კომპლექტი (პიჯაკი, შარვალი/ქვედაბოლო, პერანგი/ბლუზა) შეიძლება მერყეობდეს დაახლოებით:
- ეკონომკლასი: 120–170 ლარი.
- საშუალო ხარისხი: 180–280 ლარი.
- მაღალი ხარისხი: 300+ ლარი.
თუ მხოლოდ I-VI კლასების მოცულობას ავიღებთ, ბაზრის ჯამური მოცულობა შეიძლება ათეულობით მილიონ ლარს გადასცდეს. უფრო კონკრეტულად: საქართველოში საჯარო სკოლების დაწყებით საფეხურზე — პირველი კლასიდან მეოთხე კლასის ჩათვლით — დაახლოებით 200 ათასი მოსწავლე სწავლობს. შესაბამისად, თუ სასკოლო ფორმების პროგრამა პირველ ეტაპზე მხოლოდ ამ კლასებს შეეხება, ცვლილება ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით ორასი ათასი ბავშვის ოჯახს შეეხება. თუ ერთი მოსწავლის ფორმის საშუალო ღირებულება დაახლოებით 100 ლარი იქნება, დაწყებითი კლასების ფორმებზე საერთო ხარჯი შესაძლოა 20 მილიონ ლარს მიუახლოვდეს.
მთავრობის განცხადებით, ოჯახები, რომლებსაც სოციალური შეფასების სისტემაში 60,000 ქულა ან ნაკლები აქვთ, ფორმებს უფასოდ მიიღებენ. ეს ათიათასობით ოჯახისთვის პირდაპირი სოციალური მხარდაჭერაა და მშობლებისთვის სასწავლო წლის ხარჯს ამცირებს.
რაც შეეხება ბიზნესის ინტერესს ამ პროექტში, ის საინტერესოა:
- ადგილობრივი სამკერვალო საწარმოებისთვის.
- ქსოვილის იმპორტიორებისთვის.
- ლოგისტიკური კომპანიებისთვის.
- საცალო ქსელებისთვის.
- ონლაინ გაყიდვების პლატფორმებისთვის.
- ბრენდირებული სასკოლო აქსესუარების მწარმოებლებისთვის.
ცხადია, მოთხოვნა ერთჯერადი არ იქნება, რადგან ფორმებს ყოველწლიური განახლება, ზომების შეცვლა და დამატებითი შეკვეთები დასჭირდება.



