1683541515 • ეკონომიკა
TBC ბანკი სანქციების დამრღვევ ანგარიშებს დახურავს - რუსული მედია

რუსული მედიის ცნობით, TBC ბანკი მომხმარებლებს აფრთხილებს, რომ შესაძლოა, მათი ანგარიშები დახუროს, თუ რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით ტრანზაქციებს გამოავლენს. ამის შესახებ ბანკის მიერ კლიენტებისთვის გაგზავნილ SMS შეტყობინებაშია აღნიშნული.
კერძოდ, ბანკი SMS შეტყობინებაში თავის გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ 2022 წლის თებერვლიდან დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მა და ევროკავშირმა დააწესეს სხვადასხვა სახის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, რომლის მიზანია რუსეთისთვის ან რუსეთთან დაკავშირებულ პირებზე შეზღუდვების დაწესება. მათ შორის არის აქტივების გაყინვა, ბლოკირება, ფინანსურ რესურსებზე წვდომისა და პროდუქციის მიწოდების შეზღუდვა. სანქციები ვრცელდება როგორც აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან და ევროკავშირიდან რუსეთში გარკვეული პროდუქციის პირდაპირ ან ირიბ ექსპორტზე, ასევე, რუსეთიდან საქონლის ექსპორტზე აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირში.
ამდენად, TBC ბანკი სთხოვს მომხმარებლებს, გაითვალისწინონ, რომ ამ სანქციების დარღვევასთან დაკავშირებული ტრანზაქციების გამოვლენის შემთხვევაში, ბანკი იტოვებს უფლებას, ანგარიშები გაფრთხილების გარეშე დახუროს.
TBC ბანკის SMS შეტყობინება პირადად მიიღო რუსმა ჟურნალისტმა, ალექსანდრა კრასნოვამაც, რაც მან თავის Telegram არხზე გამოაქვეყნა.
მისი ცნობით, „ბანკი მომხმარებელს უგზავნის ტექსტურ შეტყობინებას, რომ თუ აღმოაჩენს ტრანზაქციას, რომელიც არღვევს სანქციებს, იტოვებს უფლებას, კლიენტის ანგარიშები წინასწარი შეტყობინების გარეშე დახუროს.“
„არ არის დასახელებული კრიტერიუმები, თუ რა ექვემდებარება ასეთ ოპერაციებს და არც დეტალები იმის შესახებ, თუ რა მოუვა ფულს, რომელიც ასეთ ანგარიშებზეა,“ - წერს კრასნოვა.
ალექსანდრა კრასნოვა გაზეთებში, „იზვესტიასა“ და „მოსკოვსკიე ნოვოსტიში“ კორესპონდენტად მუშაობდა. ასევე, იყო პორტალ Banki.ru-ს მიმომხილველი, ხოლო 2014 წლის მაისიდან პორტალ Finanz.ru-ს რედაქტორობდა.
რუსული მედიის ცნობით, აქამდე კლიენტებს ასეთი შეტყობინება „საქართველოს ბანკმაც“ გაუგზავნა.