1769505079
ცვლილება პირველკლასელთა რეგისტრაციის წესში - ბავშვის სკოლაში ჩარიცხვა სარეგისტრაციო მისამართის მიხედვით მოხდება
დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკი 6 წლით განისაზღვრება. ამის შესახებ მთავრობის მიერ დამტკიცებულ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნულ კონცეფციაშია ნათქვამი.
დოკუმენტში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს, აღნიშნულია, რომ ცვლილება გულისხმობს მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდა 6 წელი.
ამასთანავე, კონცეფციის მიხედვით, დამატებითი ცვლილება იქნება პირველკლასელთა რეგისტრაციის პროცესში. კერძოდ, საყოველთაო რეგისტრაციის ეტაპის დაწყებამდე, ბავშვის სკოლაში ჩარიცხვა განხორციელდება სარეგისტრაციო მისამართის მიხედვით.
„განახლებული ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები უფრო მკაფიოდ განსაზღვრავს ბავშვის განვითარების იმ მინიმალურ კომპეტენციებსა და უნარებს, რომლებიც სასკოლო პროცესში ჩართვისთვის აუცილებელია.
ამასთანავე, ბავშვის საუკეთესო ინტერესების, მისი სოციალურ-ემოციური მზაობისა და განვითარების ტემპის გათვალისწინებით, დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკი განისაზღვრება 6 წლით. ეს გულისხმობს მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდა 6 წელი.
ასევე დამატებითი ცვლილება იქნება პირველკლასელთა რეგისტრაციის პროცესში. კერძოდ, საყოველთაო რეგისტრაციის ეტაპის დაწყებამდე, ბავშვის ჩარიცხვა განხორციელდება სარეგისტრაციო მისამართის მიხედვით.
2026-2027 სასწავლო წლის პირველკლასელთა რეგისტრაციისას აღნიშნული დამატებითი ეტაპი მხოლოდ დიდ ქალაქებს შეეხება, ხოლო მომდევნო პერიოდებიდან ყველა სკოლას მოიცავს.
სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურებზე უზრუნველყოფილი იქნება ისეთი გარემო, სადაც მოსწავლე მიიღებს სისტემურ ცოდნას და შეძლებს პროფესიული თუ აკადემიური მიმართულებით თვითგამორკვევას. სკოლებში შეიქმნება პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის მართვის სისტემა, რომელიც მოსწავლეებს დაეხმარება საკუთარი ინტერესებისა და უნარების აღმოჩენაში.
სკოლაში გაფართოვდება ინტეგრირებული პროფესიული პროგრამები და დამატებით შეთავაზებული იქნება მოკლევადიანი პროფესიული მომზადების კურსები“, - ნათქვამია დოკუმენტში.



