1746523049
ვის ეკუთვნის "ბორჯომის ბაზრობის" ტერიტორია, რომელიც დღეს დაიწვა

ე.წ. ბორჯომის ბაზრის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 15 ათასამდე კვადრატული მეტრია დამწვარი - ამის შესახებ მედიას სახანძრო-სამაშველო მთავარი სამმართველოს უფროსმა, ლევან მუსელიანმა მედიასთან განაცხადა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. ხანძრის გამო, ტერიტორიის მიმდებარე კლინიკების ნაწილიდან პაციენტების ევაკუაცია გახდა საჭირო.
საკადასტრო ამონაწერის თანახმად, ვაგზლის ინფრასტრუქტურა 8,200 კვადრატული მეტრის ფართობით წარმოადგენს საქართველოს რკინიგზის საკუთრებას. თავად საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ ვაგზლიდან სამგზავრო გადაყვანებს არ ახორციელებდნენ.
საჯარო რეესტრის თანახმად, აღნიშნული უძრავი ქონება საქართველოს რკინიგზას 2006 წლიდან გაცემული აქვს გრძელვადიანი - 49 წლიანი იჯარით კომპანია თბილისი ცენტრალზე, რომელიც თბილისის ცენტრალურ ვაგზალსაც მართავს. კომპანიის დამფუძნებელი და მესაკუთრე GRDC Holding-ია.
თავის მხრივ თბილისი ცენტრალს აღნიშნული უძრავი ქონებიდან 2 066 კვადრატული მეტრის უძრავი ქონება გაცემული აქვს იჯარით კომპანია “ბაქანზე”, რომელსაც თავის მხრივ ეს ქონება წვრილ მოვაჭრეებზე აქვს იჯარით გაცემული. ბიზნესრეესტრის თანახმად, “ბაქანის” დირექტორი და 35%-იანი წილის მფლობელია თორნიკე წერეთელი. კომპანიის აქციონერები ასევე არიან ხათუნა გიგოლაშვილი და სიმონი გველესიანი.
ბაზრის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად ზარალი ძალიან დიდია. ამის შესახებ BMG-ის ბაზრობის დირექციის წარმომადგენელმა, მზევინარ ბუჩუაძემ განუცხადა.
ის ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე ვერ საუბრობს და ამბობს, რომ თავად ბაზრობა დაზღვეული იყო, თუმცა მოვაჭრე ფიზიკურ პირებს დაზღვევა არ აქვთ.
"მხოლოდ ის ვიცით, რომ ხანძრის კერა დაახლოებით 7-ის 20 წუთზე გაჩნდა. მეორადების სექციაა ბოლოში და იქიდან წამოვიდა კერა, რა და როგორ ჯერ არ გვაქვს ინფორმაცია. ზარალი ძალიან დიდია. მხოლოდ წიგნების საბითუმოს ჰქონდა სადღაც 250 000 დოლარის წიგნების საწყობი, რომელიც დაფერფლილია, იყო მაღაზიები, ბოტასებიდან დაწყებული, ჯინსების სექციები. ამის გარდა, დამწვარია დიდი საწყობები, საიდანაც მაღაზიებს ვამარაგებდით. მარტო საწყობები რომ ავიღოთ, სადღაც 3 მილიონამდეა. მინიმუმ 350 კაცი ვაჭრობს ამ ბაზრობაში, აქედან ყველას აქვს ბანკის ვალი აღებული",- ამბობს ბაზრობის დირექციის წარმომადგენელი.
დამწვარია, დაახლოებით 15 000 კვ.მ ბაზრობის ტერიტორია - საგანგებო სიტუაციების სამსახური