აფხაზეთიდან რუსეთში მანდარინის ექსპორტი დაიწყო - რეგიონიდან უკვე 25 ათასი ტონა გავიდა

ციტრუსი

აფხაზეთიდან რუსეთში ციტრუსის პირველი კომერციული ტვირთის შეტანა დაიწყო. ინფორმაციას კრასნოდარის საბაჟოს პრესსამსახური ავრცელებს.

კერძოდ, მიმდინარე სეზონზე ადლერის მრავალმხრივი სატრანსპორტო გამშვები პუნქტის თანამშრომლებმა 25 ტონა აფხაზური მანდარინის საბაჟო კონტროლი განახორციელეს. მანდარინის გარდა, რუსეთში 3 ტონაზე მეტი აფხაზური ფეიხოა შევიდა.

მთლიანობაში, ამ დროის მონაცემებით, აფხაზეთიდან რუსეთში 28 ტონაზე მეტი სოფლის მეურნეობის პროდუქცია არის იმპორტირებული.

რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის სამხრეთ საბაჟო სამმართველოს ვებგვერდზე წერია, რომ „მალფუჭებადი პროდუქციის მიმართ საბაჟო პუნქტზე აუცილებელი საბაჟო ოპერაციები პრიორიტეტულად და უმოკლეს დროში ტარდება“.

გასულ წელს აფხაზეთიდან ციტრუსის პირველი პარტიის მიწოდება ოქტომბრის პირველ ნახევარში დაიწყო. მთელი სეზონის განმავლობაში, ანუ 2023 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის მარტამდე პერიოდში რუსეთში, დაახლოებით, 25 ათასი ტონა მანდარინი შევიდა. მიმდინარე სეზონზე მანდარინის მიწოდების მოცულობა შარშანდელ დონეზე არის დაგეგმილი.

აფხაზეთის დე ფაქტო საბაჟო სამსახურის მონაცემებით, 8 ოქტომბრის მდგომარეობით რუსეთში უკვე 21 ტონა მანდარინი არის ექსპორტირებული, რაც ადრეული ჯიშების მოსავალია.

აფხაზეთში წელს ციტრუსის სეზონი, წინა წელთან შედარებით, ადრე დაიწყო და ექსპორტზე უკვე შარშანდელზე საგრძნობლად მეტი მანდარინი არის გატანილი. მაგალითად, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში აფხაზეთიდან რუსეთში მხოლოდ 133 კგ მანდარინი შევიდა.

აფხაზეთის სოფლის მეურნეობის დე ფაქტო სამინისტრო, შარშანდელთან შედარებით, ციტრუსის მოსავლის ზრდას 37 ათას ტონამდე პროგნოზირებს.

ცნობისთვის: საბჭოთა პერიოდში აფხაზეთში 11 ათას ჰექტარზე 120 ათას ტონამდე ციტრუსი მოდიოდა, ამჟამად კი მხოლოდ 2,900 ჰექტრამდე ფართობი არის გაშენებული, საიდანაც საუკეთესო მოსავლიანობის წლებში, მაქსიმუმ, 50-52 ათასი ტონა მოსავალი მოდის.

bpn.ge