ტეილორ სვიფტი მსოფლიოს უმდიდრესი ქალი მუსიკოსი გახდა

ტეილორ სვიფტი

Bloomberg-ის ინფორმაციით, ტეილორ სვიფტი მსოფლიოში უმდიდრესი ქალი მომღერალია და მისი ქონება $1.6 მილიარდს აღწევს.

ამ შედეგით სვიფტმა ყველაზე მდიდარი ქალი მუსიკოსების სიის სათავეში რიანა ჩაანაცვლა და ინდუსტრიაში მხოლოდ Jay-Z-ს ჩამორჩება, რომლის ქონებაც $2.5 მილიარდადაა შეფასებული.

მიუხედავად ამისა, რიანა კვლავ ინარჩუნებს "ყველა დროის ყველაზე მდიდარი ქალი მუსიკოსის" ტიტულს, რადგან მომღერლის ქონებამ, პიკურ პერიოდში, $1.77 მილიარდს მიაღწია.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტეილორ სვიფტის ქონება მნიშვნელოვნად გაიზარდა მისი მუსიკალური ტურნე The Eras Tour-ის შედეგად, რამაც შემსრულებელს ამ დრომდე $600 მილიონი მოუტანა. ასევე $600 მილიონადაა შეფასებული ტეილორ სვიფტის მუსიკალური კატალოგი, მომღერლის უძრავი ქონების საინვესტიციო ღირებულება კი $125 მილიონია.

როგორც ცნობილია, მხოლოდ გასულ წელს Spotify-ის "სტრიმებიდან" სვიფტის შემოსავალი $100 მილიონი იყო.

ტეილორ სვიფტს ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებისგან ისიც გამოარჩევს, რომ ის ერთადერთი მუსიკოსია ისტორიაში, რომელმაც მილიარდერის სტატუსი მხოლოდ მუსიკალური კარიერით მოიპოვა და არა სამეწარმეო საქმიანობით. მილიარდერის სტატუსი სვიფტმა პირველად 2023 წლის ოქტომბერში მიიღო.