1732958760
აფხაზეთის „პარლამენტმა“ რუსეთთან „საინვესტიციო შეთანხმების“ რატიფიცირებას მხარი არ დაუჭირა
აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატებმა რიგგარეშე სხდომაზე მხარი არ დაუჭირეს რუსული იურიდიული პირების საინვესტიციო საქმიანობის შესახებ აფხაზურ-რუსული შეთანხმების რატიფიცირებას.
„რუსეთის იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ შეთანხმების რატიფიცირების კანონპროექტი არ გავიდა,“ - განაცხადა კენჭისყრის შემდეგ ე.წ. სახალხო კრების თავმჯდომარე ლაშა აშუბამ.
რატიფიცირების წინააღმდეგ 21-მა დე ფაქტო დეპუტატმა მისცა ხმა, ორმა კი თავი შეიკავა. ე.წ. პარლამენტის სხდომას 35 დეპუტატიდან სულ 23 ესწრებოდა.
დე ფაქტო პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ ოპოზიციის მხარდამჭერებს ე.წ. დეპუტატმა კან კვარჩიამ მიმართა. მისი თქმით, „აფხაზეთის პარლამენტის გადაწყვეტილება არ არის მიმართული რუსეთის წინააღმდეგ და ეს იძულებითი ნაბიჯია, რადგან შეთანხმება აფხაზეთისთვის კაბალურია და მისი რატიფიცირება არ შეიძლებოდა.“
„ჩვენ ვიმედოვნებდით, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება გაგვიგებდა და ამ შეთანხმებას პარლამენტიდან უკან გაიწვევდა, მაგრამ ეს არ მოხდა. არიან ადამიანები, რომლებიც ამ ხელშეკრულების მომზადებაში მონაწილეობდნენ და მათ შორის არის გადამდგარი პრეზიდენტი“, - განაცხადა კვარჩიამ.
ე.წ. დეპუტატის თქმით, უახლოეს მომავალში დე ფაქტო პარლამენტის მორიგი რიგგარეშე სხდომა იქნება ინიცირებული, რომელზეც ე.წ. ვიცეპრემიერ და ეკონომიკის მინისტრ ქრისტინა ოზგანისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი დადგება.
დე ფაქტო პარლამენტის რიგგარეშე სხდომის გამართვასა და შეთანხმების რატიფიცირების ჩაგდებას მანამდე არაერთი ოპოზიციური ორგანიზაცია ითხოვდა. მათ შესაბამისი მიმართვა ლაშა აშუბას გაუგზავნეს. ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ რატიფიცირების ჩავარდნა „სოციალურ-პოლიტიკური დაპირისპირების ხარისხს შეამცირებდა და მომავალი საარჩევნო პროცესის მშვიდ ატმოსფეროში წარმართვას უზრუნველყოფდა“.
ცნობისთვის: რუსული იურიდიული პირების საინვესტიციო საქმიანობის შესახებ აფხაზურ-რუსულ შეთანხმებას რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების მინისტრ მაქსიმ რეშეტნიკოვმა და აფხაზეთის დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრ ქრისტინა ოზგანმა 30 ოქტომბერს, მოსკოვში მოაწერეს ხელი. დე ფაქტო მთავრობის მტკიცებით, შეთანხმება მიზნად ისახავს რუსეთის ინვესტიციების მიზიდვას აფხაზეთის ეკონომიკაში. დოკუმენტში რუსი ინვესტორების მიერ აფხაზეთში პროექტების განხორციელების პირობები არის გაწერილი, რომლეთაგან მთავარი პირობაა, რომ ერთ პროექტზე რუსეთიდან ინვესტიციის მოცულობა 2 მლრდ რუბლზე (20,5 მლნ დოლარზე) ნაკლები არ უნდა იყოს. დოკუმენტი რუსულ კომპანიებს საშუალებას აძლევს, განახორციელონ სხვადასხვა პროექტები ისეთ სფეროებში, როგორიც არის სოფლის მეურნეობა, წარმოება და ტურიზმი, ასევე, გაზმომარაგების, წყალმომარაგებისა და ტრანსპორტის ინფრასტრუქტურაში.
თუმცა აფხაზური ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ამ შეთანხმებით რუსი ოლიგარქები აფხაზეთში ინვესტიციების სანაცვლოდ 25 წლამდე გადასახადისგან თავისუფლდებიან. შეღავათები 2 მლრდ რუბლზე (20,5 მლნ დოლარზე) მეტ ინვესტიციებს ეხება. ამდენად, ხელშეკრულება უცხოურ მსხვილ კაპიტალს შესაძლებლობას აძლევს, უთანასწორო კონკურენციის პირობებში, თითქმის, ნებისმიერ ინდუსტრიაში რეალურად მონოპოლისტი გახდეს. ამასთან, შეთანხმების ნაწილი მრავალფუნქციური კომპლექსების მშენებლობას ითვალისწინებს, რასაც, ოპოზიციის მტკიცებით, აფხაზეთში რუსების მასიური ჩასახლება მოჰყვება. ოპოზიცია, ასევე, აცხადებს, რომ ხელშეკრულება რუსული “ოლიგარქიის ექსპანსიას,” ანუ მათ მიერ აფხაზური აქტივების ხელში ჩაგდებას გამოიწვევს.
ოპოზიციურმა ორგანიზაციებმა 15 ნოემბერს დაგეგმილი შეთანხმების რატიფიცირება გააპროტესტეს და მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყეს. კერძოდ, ოპოზიციის მხარდამჭერებმა სოხუმში ე.წ. სამთავრობო შენობები, მათ შორის, დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაცია დაიკავეს და ასლან ბჟანიას გადადგომა მოითხოვეს. მოლაპარაკებების შემდეგ ბჟანია გადადგა, რის სანაცვლოდაც დემონსტრანტებმა „სამთავრობო“ შენობები დატოვეს. 19 ნოემბერს, რიგგარეშე სხდომაზე დე ფაქტო სახალხო კრების დეპუტატებმა ბჟანიას გადადგომას მხარი დაუჭირა, ხოლო ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებამდე დე ფაქტო პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი ე.წ. ვიცეპრეზიდენტი, ბადრა გუნბა გახდა.
აფხაზეთის ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 2025 წლის 15 თებერვლისთვის ჩაინიშნა.
bpn.ge