ილონ მასკი ევროკავშირის სტრუქტურებს შორის უფლებამოსილების განაწილებას არადემოკრატიულს უწოდებს

მსოფლიო 1732958760
ამერიკელი მილიარდერი, Twitter-ის ხელმძღვანელი ილონ მასკი

აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის ახალი დეპარტამენტის მომავალი ხელმძღვანელი და მილიარდერი ილონ მასკი ევროკავშირის სტრუქტურებს შორის უფლებამოსილების განაწილებას არადემოკრატიულს უწოდებს.

ილონ მასკმა ევროკომისიის ახალი შემადგენლობის დამტკიცება გააკრიტიკა, რომელიც 27 ნოემბერს შედგა. ეს გახდა მისი მორიგი საჯარო კრიტიკული განცხადება ევროკავშირის ინსტიტუტებისა და პოლიტიკოსების მიმართ.

„ეს არადემოკრატიულია. ევროკავშირის პარლამენტმა უშუალოდ უნდა მისცეს ხმა საკითხებს და არა – გადასცეს უფლებამოსილებები ევროკომისიას“, – დაწერა მასკმა „იქსზე“ და გააზიარა ვიდეო, სადაც კვიპროსელი ევროპარლამენტარი და ყოფილი ბლოგერი ფიდიას პანაიოტუ ახალი ევროკომისიის შემადგენლობისთვის ხმის მიცემის პროცესს აკრიტიკებს და ამბობს, რომ ევროპარლამენტარებს არ შეუძლიათ, ხმა მისცენ კომისიის ცალკეულ წევრებს და მთელი შემადგენლობა პაკეტურად უნდა დაამტკიცონ.

თუმცა, როგორც ცნობილია, ეს ასე არ არის. ევროპარლამენტს აქვს შესაძლებლობა, უშუალოდ კანდიდატებს მისცეს ხმა ევროკომისრების თანამდებობებზე. დანიშვნის პროცესის დროს კანდიდატები გადიან გასაუბრებას დეპუტატებთან და მათ ცალ-ცალკე აძლევენ ხმას კომიტეტებში, ევროპარლამენტის წარმომადგენლებს შეუძლიათ, დაამტკიცონ ან არ დაამტკიცონ თითოეული კანდიდატი, რის შემდეგაც პლენარულ სხდომაზე 720 დეპუტატი კიდევ ერთხელ აძლევს ხმას.

პირველი არხი