რუსეთმა ბენზინის ექსპორტზე აკრძალვა მხოლოდ მწარმოებლებისთვის მოხსნა

საწვავი

რუსეთის მთავრობამ მწარმოებლების მიერ მიწოდებული ბენზინის უმეტესობის ექსპორტზე დროებითი აკრძალვა გააუქმა, ხოლო სხვა ექსპორტიორებზე, როგორიც დამოუკიდებელი ტრეიდერები და გადამყიდველები არიან, შეზღუდვები 2025 წლის 31 იანვრამდე გაახანგრძლივა.

ინფორმაციას რუსეთის მთავრობა ავრცელებს.

მანამდე ვიცეპრემიერ ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა, რომ რუსეთი ბენზინის ექსპორტის აკრძალვას ვადაზე ადრე გააუქმებს, თუმცა ვადები და სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებია.

აგვისტოში ხელისუფლებამ საექსპორტო ემბარგო წლის ბოლომდე მას შემდეგ აღადგინა, რაც ბენზინის საბითუმო ფასების მკვეთრმა ზრდამ ბენზინგასამართი სადგურების მარჟა გაანადგურა.

რუსეთი წელიწადში, დაახლოებით, 42-43 მლნ ტონა საავტომობილო ბენზინს აწარმოებს, საიდანაც 5 მლნ ტონა საექსპორტოა, ხოლო მთელი ექსპორტის 90%-ზე მეტს, როგორც წესი, საავტომობილო ბენზინი, AI-92 შეადგენს. ქვეყნის შიგნით დაბალი მოთხოვნის სეზონზე, კერძოდ, დეკემბერ-თებერვლის პერიოდში რუსეთიდან საავტომობილო ბენზინის ყოველთვიურმა ექსპორტმა შესაძლოა, 0,7 მლნ ტონას მიაღწიოს.

ცნობისთვის: მარტში რუსეთის რამდენიმე უმსხვილეს ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაზე უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად ქვეყანაში ბენზინის წარმოება შემცირდა. ამის გამო ფედერაციის მთავრობამ 1-ელი მარტიდან რუსეთიდან ბენზინის ექსპორტზე აკრძალვა ექვსთვიანი ვადით ანუ აგვისტოს ბოლომდე დააწესა, რომ საწვავის დეფიციტი თავიდან აეცილებინა. შიდა ბაზრის გაჯერების ფონზე და გადასამუშავებელ ქარხნებში მარაგის გადაჭარბების თავიდან ასაცილებლად აკრძალვა ჯერ 20 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით, შემდეგ კი ივლისის ბოლომდე მოიხსნა, თუმცა 1-ელი აგვისტოდან ისევ ამოქმედდა და 31 დეკემბრის ჩათვლით გახანგრძლივდა. აკრძალვა არ ეხება საერთაშორისო-სამთავრობათაშორისო შეთანხმებების ფარგლებში, მათ შორის, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებში მიწოდებებს, ასევე, მოქალაქეების მიერ პირადი სარგებლობისთვის და საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარებისთვის ექსპორტირებულ საწვავს.