ამერიკელები წლევანდელ ჰელოუინზე 3-5%-ით მეტ ფულს დახარჯავენ

ჰელოუინი

ამერიკელები წლევანდელ ჰელოუინზე, ანუ 31 ოქტომბრისთვის კანფეტებსა და შოკოლადში, გასულ წელთან შედარებით, 3-5%-ით მეტს დახარჯავენ.

ამის შესახებ აშშ-ის კონდიტერთა ეროვნული ასოციაცია (NCA) პროგნოზირებს, რასაც MarketWatch ავრცელებს.

ჰელოუინის ტრადიციის თანახმად, ტკბილეულს ურიგებენ ბავშვებს, რომლებიც დღესასწაულის დროს კარზე აკაკუნებენ და გამასპინძლებას ითხოვენ.

2023 წლის 31 ოქტომბრისთვის კანფეტ-შოკოლადის მთლიანმა ხარჯმა 6,4 მლრდ დოლარი შეადგინა.

წელს ტკბილეულის შეძენას იმ ამერიკელების 95% გეგმავს, რომელიც ამ დღესასწაულს აღნიშნავს.

NCA-ს მონაცემებით, ზოგადად, კანფეტები და შოკოლადი აშშ-ში ყველაზე პოპულარულია, ხოლო საკონდიტრო ნაწარმის კატეგორიის მთლიანმა გაყიდვებმა 2023 წელს 48 მლრდ დოლარს მიაღწია.

NCA ზრდის ტენდენციას პროგნოზირებს და 2028 წლისთვის საკონდიტრო ნაწარმის მთლიან კატეგორიაში 61 მლრდ დოლარის გაყიდვებს მოელის.

ცნობისთვის: აშშ-ის საცალო ვაჭრობის ეროვნული ფედერაციის (NRF) მიერ სექტემბერში გამოქვეყნებული ყოველწლიური კვლევის თანახმად, წლევანდელ ჰელოუინზე ერთი ადამიანი ტკბილეულზე, საშუალოდ, 31,69 დოლარს დახარჯავს.