ბეზოსის აზრით, მისი კოსმოსური კომპანია Amazon-ზე დიდი იქნება

ჯეფ ბეზოსი

მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის, ჯეფ ბეზოსის აზრით, მისი კოსმოსური კომპანია Blue Origin მომავალში იმდენად გაიზრდება, რომ ის მის მიერ დაფუძნებულ ტექნოლოგიურ გიგანტზე, Amazon-ზე დიდი იქნება.

როგორც ბეზოსი აღნიშნავს, ამჟამად Blue Origin-ი კერძო საკუთრებაშია და ის სრულად მისი პირადი სახსრებით ფინანსდება. გარდა ამისა, კომპანია მოგებაზე ვერ გადის და მისი ბიზნესმოდელიც გაუმართავია, თუმცა ის ზრდის პოტენციალი, რომელიც Blue Origin-ს აქვს, ბეზოსს აძლევს საშუალებას, რომ მან ასეთი თამამი განაცხადი გააკეთოს.

შედარებისთვის, Amazon-ის საბაზრო შეფასება 2 ტრილიონ 400 მილიარდ დოლარს შეადგენს და ამ მაჩვენებლით ის გლობალურ რეიტინგში მე-4 ადგილს იკავებს. ბეზოსის მიერ 1994 წელს დაფუძნებული კომპანია იმდენად დიდია, რომ მისი კაპიტალიზაცია სახელმწიფოების უმეტესობის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობას აჭარბებს.

თუკი ბეზოსის პროგნოზი გამართლდება, მაშინ მომავალში Blue Origin-ის კაპიტალიზაცია მინიმუმ $2.4 ტრილიონი იქნება. თანაც არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ თავად Amazon-ი მუდმივად იზრდება, განსაკუთრებით AWS-ის განვითარების და ხელოვნური ინტელექტის დახმარების ფონზე.

ამერიკელი მეწარმე იმასაც ამბობს, რომ კოსმოსის შესწავლა და ციური სხეულების დაპყრობა მისი ოცნება და გატაცებაა, რის გამოც ის Blue Origin-ის განვითარებაზე ძალ-ღონეს არ იშურებს. ცნობისთვის გეტყვით, რომ Blue Origin-ის ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი უდიდესი ტექნოლოგიური კონტრაქტორია, რომელიც ქვეყნისთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ამ კომპანიას ერგო $3.4-მილიარდიანი კონტრაქტი, რომელიც Artemis V-ის მისიის ფარგლებში, 2029 წელს, მთვარეზე ადამიანებს დასვამს. ბოლო წლებში, Blue Origin-ი ყველაზე მნიშვნელოვან წამოწყებად იქცა თავად მისი დამფუძნებლისთვის, რაზედაც ისიც მიუთითებს, რომ ჯეფ ბეზოსმა სიეტლში ცხოვრებაზე უარი თქვა და საცხოვრებლად მაიამიში გადავიდა, რაც, როგორც თავად ახსნა, მშობლებთან და კეიპ-კანავერალის სადგურზე მდებარე Blue Origin-ის სადგურთან ახლოს ყოფნის საშუალებას მისცემს.

მართალია, Blue Origin-ს ფართო საზოგადოებაში ისე არ იცნობენ, როგორც ილონ მასკის SpaceX-ს, თუმცა მას სატრაბახოდ ნამდვილად აქვს საქმე, რადგან სწორედ ის შეიძლება აღმოჩნდეს პირველი კომპანია, რომელიც მთვარის კოლონიზაციის მიმართულებით ქმედით ნაბიჯს გადადგამს.

თუკი ბეზოსს დავუჯერებთ, სწორედ Blue Origin-ი იქნება ის კომპანია, რომელიც მზის სისტემის კოლონიზაციას შეძლებს და კაცობრიობას მულტიპლანეტარულ ცივილიზაციად აქცევს.

ამ ეტაპზე, Blue Origin-ის ძირითად დანიშნულება NASA-ს კონტრაქტების აღსრულება და ტურისტული მიმართულებით საქმიანობაა, თუმცა, როგორც ბეზოსი აღნიშნავს, ეს მხოლოდ დასაწყისია და მომავალში კომპანია კოსმოსის დაპყრობას შეძლებს.

bm.ge