ბიძინა ივანიშვილის მეუღლის ეკატერინე ხვედელიძის სახელზე, 27 იანვარს კიდევ ერთი ახალი კომპანია დარეგისტრირდა

ეკატერინე ხვედელიძე

ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით საქართველოში კიდევ ერთი კომპანია დაფუძნდა. ამჯერად სააქციო საზოგადოება „ჯი სი ეფ საქართველო“, რომელიც რეესტრში 27 იანვარს დარეგისტრირდა და მისი 100%-იანი წილის მფლობელი, ივანიშვილის მეუღლე, ეკატერინე ხვედელიძეა. აღსანიშნავია, რომ ერთკვირიან ინტერვალში ეს უკვე მეორე კომპანია, რომელიც რეესტრში ხვედელიძის სახელზე დარეგისტრირდა.

რეესტრის ამონაწერის მიხედვით, სს „ჯი სი ეფ საქართველოს“ სამკაციანი სამეთვალყურეო საბჭო ჰყავს - ივანე ხვედელიძე, ირინე ქინქლაძე, გელა კობერიძე. კომპანიის დირექტორი კი დავით გალუაშვილია. სს-ის იურიდიულ მისამართად კი „ქართუ ჯგუფის“ ოფისია მითითებული.

დოკუმენტაციის მიხედვით, სს „ჯი სი ეფ საქართველოს“ ნებადართული კაპიტალი 100 მლნ ლარს შეადგენს, კომპანიის განთავსებული კაპიტალი 100 000 ლარია, განაღდებული კაპიტალი კი 25 000 ლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ივანიშვილი საქართველოში ფლობდა შპს „ჯი სი ეფ პარტნიორებს“ და შპს „ჯი სი ეფ ჰოლდინგ ჯორჯიას“. „ჯი სი ეფ პარტნიორების“ 100%-იანი წილის მფლობელი ბიძინა ივანიშვილის დისშვილი, კახა კობიაშვილია, დირექტორი კი დავით გალუაშვილი. რაც შეეხება „ჯი სი ეფ ჰოლდინგ ჯორჯიას“, რეესტრის მიხედვით, კომპანიის 100%-იან წილს პანამაში რეგისტრირებული „ფრენკსტონ ინტერნეიშენალი“ ფლობს. მისი დირექტორი კი ცოტნე ებრალიძეა.

აღსანიშნავია, რომ ამ ორივე კომპანიასთან იყო დაკავშირებული "თანაინვესტირების ფონდი", რომელიც ივანიშვილმა 2013 წელს დააფუძნა.

შეგახსენებთ, რომ აქამდე, 2025 წლის 20 იანვარს დაფუძნდა სააქციო საზოგადოება „ლუსოლი“, რომლის 100%-იანი წილის მფლობელიც ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკატერინე ხვედელიძეა, დირექტორი გელა კობერიძე. სააქციო საზოგადოება „ლუსოლის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნუგზარ დეკანოიძე, წევრები კი ვეფხვია დვალი და შოთა კობიაშვილი არიან.

ცოტა უფრო ადრე, 2024 წლის 31 დეკემბერს, რეესტრში ბიძინა ივანიშვილის შვილის უტა ივანიშვილის სახელზე ახალი კომპანია სააქციო საზოგადოება „ატუ ჰოლდინგი“ დარეგისტრირდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ამ კომპანიაზე გადაფორმდა ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, ოფშორში, ბიძინა ივანიშვილის სახელთან დაკავშირებული კომპანია.

ასევე 2024 წლის 31 დეკემბერს, შპს-ზე „ტერა“, რომლის 100%-იანი წილის მფლობელიც ბიძინა ივანიშვილია, გადაკეთდა სააქციო საზოგადოებად, რომლის საკუთრებაშიც გადაფორმდა ბიძინა ივანიშვილის სახელთან დაკავშირებული, პანამაში რეგისტრირებული კომპანიის Limestone Finance International-ის საკუთრებაში არსებული 7 კომპანია.

ივანიშვილის სახელთან დაკავშირებული კიდევ ერთი ახალი კომპანიის დაფუძნება კი, სავარაუდოდ, მის მიერ ოფშორული ზონებიდან აქტივების გამოტანასთან არის კავშირში.

bpn.ge