NBC - აშშ-ს ემიგრაცის სამსახურს ბიუჯეტი არ ჰყოფნის - თეთრი სახლი თანხების მოძიებაზე მუშაობს

ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების იმიგრაციისა და საბაჟო აღსრულების ორგანოს (ICE), რომელსაც მასობრივი დეპორტაციის შესახებ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანების აღსრულება ევალება, ბიუჯეტის დეფიციტი ემუქრება. ამის გამო კი, 47-ე პრეზიდენტის ადმინისტრაცია სხვა უწყებებიდან ფინანსების გადამისამართების საკითხზე მუშაობს - ინფორმაციას NBC News-ი ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თეთრი სახლი ტრანსპორტის უსაფრთხოების ადმინისტრაციის, კიბერუსაფრთხოების და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტოსა (CISA) და სანაპირო დაცვისგან თანხების აღების შესაძლებლობას იკვლევს.

როგორც NBC News-ი წერს, ტრამპის ადმინისტრაციას უფლება აქვს, გადაანაწილოს კონგრესის მიერ ათვისებული თანხები შიდა უსაფრთხოების დაპარტამენტის ფარგლებში (DHS) ერთი სააგენტოდან მეორეზე, თუმცა თეთრმა სახლმა ასეთი ქმედებების შესახებ კონგრესს უნდა აცნობოს, რადგან ფინანსური სახსრების გადარიცხვის მასშტაბები შეზღუდულია.

როგორც გამოცემა წერს, ტრამპის ადმინისტრაცია არ იქნება პირველი, ვინც ამას ICE ბიუჯეტის დეფიციტის ასანაზღაურებლად გააკეთებს.

აღსანიშნავია, რომ ICE-ის ბიუჯეტში 230 მილიონი დოლარის დეფიციტი იყო ტრამპის გაპრეზიდენტებასა და დეპორტაციის გაძლიერებამდეც, როდესაც დღეში, დაახლოებით, 282 პირის დაკავება აღირიცხებოდა. ახლა კი, ICE-მ ერთ დღეში 1 200-ზე მეტი ადამიანი დააკავა. DHS-ის მაღალი თანამდებობის პირებმა ICE-ის ლიდერებს განუცხადეს, რომ სააგენტომ დღეში 1 200-დან 1 500-მდე ადამიანის დაპატიმრება უნდა შეძლოს.

DHS-ის ყოფილმა და ამჟამინდელმა ოფიციალურმა პირმა NBC News-ს უთხრეს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის დროს ერთი ადამიანის დეპორტაციის საშუალო ღირებულება, დაახლოებით, 10 500 აშშ დოლარი ჯდებოდა. აღნიშნულ თანხაში შედის - არალეგალი პირის დაკავება, მის პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და სამშობლოში ფრენის ხარჯები.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა ინუგურაციის შემდეგ ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ხელისუფლებას აძლევს უფლებას, ქვეყნის სამხრეთ საზღვარზე არალეგიტიმური მიგრანტების წინააღმდეგ შესაბამისი ზომები მიიღოს.

bpn.ge