1736330429
ჩინეთმა პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტისთვის” უმსხვილესი პორტები დახურა
ჩინეთი ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარე ნავთობის მთავარ პორტებს იმ ტანკერებისთვის ხურავს, რომლებიც აშშ-ის სასანქციო სიაში არიან შეყვანილი.
ინფორმაციას Reuters სიტუაციის მცოდნე ტრეიდერებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს თანამოსაუბრეების თქმით, შეზღუდვები ჩინეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა საპორტო ოპერატორმა, Shandong Port Group-მა გამოაცხადა, რომელიც პორტებს შანდუნის პროვინციაში მართავს. სწორედ ამ პორტებში შედის სანქცირებული ნავთობის ძირითადი ნაწილი რუსეთიდან, ირანიდან და ვენესუელიდან.
კომპანიის გადაწყვეტილებით, 6 იანვრიდან სანქცირებულ „ჩრდილოვან ტანკერებს“ პროვინციის პორტებში გაჩერება, გადმოტვირთვა ან სხვა საპორტო მომსახურების მიღება ეკრძალებათ.
შანდუნის პროვინცია ჩინეთის ერთ-ერთი მთავარი ინდუსტრიული ცენტრია, რომელიც ქვეყანაში მშპ-ის მიხედვით მესამე ადგილზეა. გასულ წელს ამ პროვინციის პორტებით ჩინეთი დღეში 1,74 მლნ ბარელ ნავთობს, ანუ მისი მთლიანი ნავთობიმპორტის, თითქმის, მეხუთედს ყიდულობდა.
„ჩრდილოვანი ტანკერებისთვის” შეზღუდვები, ასევე, ცინდაოს შეეხო, რომელიც ტვირთის მოცულობით ჩინეთის სიდიდით მეხუთე პორტია. ასევე, სანქცირებული ტანკერებისთვის ჟიჩჟაოსა და იანტაის პორტები დაიხურა. Reuters-ის წყაროები აცხადებენ, რომ ამ შეზღუდვების შედეგად ჩინეთში შესაძლოა, სანქცირებული ნავთობის იმპორტი შენელდეს.
ცნობისთვის: Lloyd's List Intelligence-ის მონაცემებით, ამჟამად აქტიური “ჩრდილოვანი” ფლოტი, რომელიც სანქციების გვერდის ავლით ნავთობის ტრანსპორტირებას ეწევა, 669 ტანკერს ითვლის. აქედან რუსული ნავთობის ტრანსპორტირებას რეგულარულად, დაახლოებით, 250-300 გემი ეწევა. მათ შორის არის Sovcomflot-ის ტანკერები, რომელიც დასავლეთის შეზღუდვებს ექვემდებარება.
2024 წლის ბოლოსთვის აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა სანქციების სიაში, დაახლოებით, 180 ტანკერი შეიტანეს, რომლებსაც რუსული წარმოშობის ნავთობი სანქციების გვერდის ავლითა და ზღვრული, ანუ ბარელზე 60-დოლარიანი ფასის დარღვევით გადაჰქონდათ. მათგან 100-ზე მეტი ტანკერი იძულებული გახდა, ღუზაზე გაჩერებულიყო და რუსეთის ნავთობის გადატანა შეეწყვიტა.
The Washington Post-ის თანახმად, ჯო ბაიდენის მიმავალი ადმინისტრაცია „გამოშვიდობებისას“ კრემლის „ჩრდილოვანი ფლოტისთვის“ ახალი დარტყმის მისაყენებლად ემზადება. ახალი სანქციებით შავ საიში კიდევ ასამდე ტანკერის შეტანა იგეგმება. ამასთან, განიხილება ზომები, რომელიც რუსული ნავთობის სრულ ემბარგოსა და სანქცირებული რუსული ბანკებისთვის, მათ შორის, Sberbank-ის, VTB-ისა და Alfa Bank-ისთვის ნავთობგაზის ვაჭრობასთან დაკავშირებული ტრანზაქციების ლიცენზიის გაუქმებას გულისხმობს.
bpn.ge