Do IT in Georgia - ახალი პლატფორმა IT სფეროთი დაინტერესებულებისთვის

saiti

სატესტო რეჟიმში უკვე მოქმედებს საიტი www.doit.gov.ge, რომელიც საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ (GITA), USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით შექმნა. ამ ციფრულმა პლატფორმამ უნდა გააერთიანოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ინიციირებული ყველა სასწავლო და საწვრთნელი პროგრამა.

პლატფორმაზე თავიანთი სასწავლო კურსებისა და ტრენინგების განთავსების შესაძლებლობა პროვაიდერებსაც მიეცემა. სამინისტროში ამბობენ, რომ ამ რესურსის საშუალებით, IT სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ხარისხიანი განათლება, საქართველოში შეიქმნება მიმზიდველი გარემო ინფორმაციული ტექნოლოგიების თვალსაზრისით და გაიზრდება საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის პოტენციალი.

პლატფორმა გვპირდება ერთიანი სისტემის ჩამოყალიბებას მათთვის, ვისაც ციფრულ სამყაროში ადაპტაცია და თანამედროვე უნარების დაუფლება ან გაუმჯობესება ესაჭიროება. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ანგარიშზე უკვეა 10,000-მდე გადამზადებული IT სპეციალისტი და მომდევნო 5 წლის განმავლობაში კიდევ 15,000-მდე სპეციალისტის გადამზადება იგეგმება. პროექტის სამომავლო მიზანია შეიქმნას კვალიფიციური, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ძალა და სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა გაზარდოს.