1728975070
ეროვნული ბანკის შეთავაზება ტრენერებსა და ტრენინგ ორგანიზაციებს
საქართველოს ეროვნული ბანკი და მის მიერ დაარსებული ფინანსური განათლების პორტალი ფინედუ, ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში, ქვეყანაში ფინანსური განათლების ინკლუზიურად გავრცელების ხელშეწყობის მიზნით, ტრენერებსა და ტრენინგ ორგანიზაციებს ახალ საგანმანათლებლო პროექტში ჩართვის შესაძლებლობას აძლევს.
პროექტის ფარგლებში დაინტერესებული პირები - ინდივიდუალური ტრენერები და ტრენინგების მიმწოდებელი ორგანიზაციები - სპეციალურ, ტრენერთა მოსამზადებელ ტრენინგს გაივლიან და ფინანსურ განათლებასთან დაკავშირებულ შესაბამის ცოდნასთან ერთად აღიჭურვებიან ტრენერის მიერ ინდივიდუალურად ჩასატარებელი ტრენინგის სასწავლო მოდულებითა და საგანმანათლებლო მასალებით.
პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე, რომელიც 17-18 თებერვალს გაიმართება, შერჩეული მონაწილეები გაივლიან ორდღიან ინტენსიურ ტრენინგკურსს, რომელზეც დაიფარება შემდეგი საკვანძო თემები ფინანსური განათლებიდან:
- ბიუჯეტირება
- დაზოგვა
- სესხები
- გადასახადები
- მომხმარებლის უფლებები
- ფინანსური უსაფრთხოება
მეორე ეტაპზე კი, მაისის ბოლომდე, ტრენერებმა ინდივიდუალურად უნდა დაგეგმონ და განახორციელონ მინიმუმ ერთი ტრენინგი მათთვის პრიორიტეტული ნებისმიერი სეგმენტისათვის. შესაძლებელია ტრენინგის ჩატარება ცალკეულად ფინანსური განათლების მიმართულებით ან სხვა თემებთან ინტეგრაციით. ეროვნული ბანკი ტრენერებს უზრუნველყოფს სასწავლო მასალის მიწოდებასა და ინტელექტუალურ მხარდაჭერას მათ მიერ დამოუკიდებლად ჩატარებული ტრენინგისათვის.
ორივე ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ პროექტში ჩართული მონაწილეები ეროვნული ბანკისგან სპეციალურ სერტიფიკატს მიიღებენ.
პროექტში მონაწილეობა უფასოა და საჭიროებს რეგისტრაციის გავლას.
პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.
აღსანიშნავია, რომ ფინანსური განათლების ამაღლებაზე ზრუნვა ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზნით შექმნა საგანმანათლებლო ვებპორტალი www.finedu.gov.ge, რომელიც სრულად ფინანსურ განათლებას ეძღვნება და თავს უყრის ისეთ საგანმანათლებლო რესურსებს, როგორიცაა პუბლიკაციები და ბლოგები, ბროშურები, სახელმძღვანელოები და სხვა მსგავსი საბეჭდი და დამხმარე მასალა, ვიდეო და აუდიო მასალები.