ევროპის რომელ ქვეყნებშია სახელმწიფო გადასახადები ყველაზე მაღალი?

ევრო

ორგანიზაცია Tax Foundation-ის თანახმად, საშუალო ევროპელი მოქალაქე სახელმწიფო გადასახადებში საკუთარი ხელფასის ⅓-ზე მეტს ხარჯავს. ბუნებრივია, გადასახადების ოდენობა ქვეყნიდან ქვეყნამდე იცვლება და არც ისაა გასაკვირი, რომ დასავლეთ ევროპისა და უფრო განვითარებული ქვეყნების მოსახლეობა შედარებით მეტს იხდის.

Euronews-ის ინფორმაციით, ევროპული ქვეყნები, რომლებშიც სახელმწიფო გადასახადები ყველაზე მაღალია, დანია (55.9%), ავსტრია (55%), პორტუგალია (53%), შვეიცარია (52.3%) და ბელგია (50%) არიან, სადაც მოქალაქეები ხელფასის ნახევარზე მეტს იხდიან ბიუჯეტში.

ამავე დროს, რუმინეთი, ბულგარეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, კოსოვო და ჩრდილოეთ მაკედონია ის ქვეყნებია, სადაც სახელმწიფო გადასახადები ერთნაირია და 10%-ს არ აღემატება.

თუმცა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მაღალი გადასახადები მოქალაქეთა უკმაყოფილებას ყველა ქვეყანაში არ იწვევს. ამის მაგალითია დანია, სადაც შემოსავლის თითქმის 60% იბეგრება. მეტიც, დანიელთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ გადასახადები ერთგვარი ინვესტიციაა, რომელსაც საზოგადოებისა და ქვეყნის განვითარებისთვის ერთად ახორციელებენ და, ის ცხოვრების გარკვეული, მაღალი ხარისხის მიღწევაში ეხმარებათ. საინტერესოა, რომ 2023 წელს, მსოფლიო ბედნიერების ანგარიშით, დანია მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე ბედნიერ ქვეყნად დასახელდა.

ავსტრიაში კი, სოციალური დაზღვევის სისტემა, რომელიც ჯანმრთელობის, პენსიის თუ უბედური შემთხვევების დაზღვევას მოიცავს, მოქალაქეთა ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარია. იგივე დოკუმენტი ფარავს დეკრეტულ შვებულებებსა და უმუშევრობასაც კი. ავსტრიაში ნებისმიერი დასაქმებული ადამიანის დაზღვევა სავალდებულოა, ისევე როგორც ადამიანების, რომლებიც უმუშევართა ბენეფიტებით ან პენსიით სარგებლობენ.

ამავდროულად, აღმოსავლეთ და სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში - რუმენთში თუ ბულგარეთში - სადაც ინფრასტრუქტურა და ეკონომიკა ჯერ ისევ განვითარების გზაზე დგას, დაბალი გადასახადები საერთაშორისო ინვესტორთა მიზიდვის ერთ-ერთი ხერხია. ეს არის ქვეყნები, სადაც შრომა უფრო ნაკლებადაა შეფასებული და წარმოების ხარჯებიც, შესაბამისად, ნაკლებია. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცხოვრების სტანდარტები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში დაბალია. მეტიც, ბულგარეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, რუმინეთი და კვიპროსი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკების რეიტინგებშიც ექცევიან.