FAO საქართველოს საზღვაო სივრცეში მასშტაბურ კვლევებს ახორციელებს

ლოკოკინა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საზღვაო სივრცეში რაპანის პოპულაციის მდგომარეობის შეფასების მიზნით, მასშტაბურ კვლევებს აგრძელებს.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ხმელთაშუა ზღვის მეთევზეობის გენერალური კომისიის (GFCM) შეფასებით, რაპანა წარმოადგენს შავი ზღვის პრიორიტეტულ სახეობას, ამიტომ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში მისი საფუძვლიანი შესწავლა ძალიან მნიშვნელოვანია. 

„კვლევები შავი ზღვის საქართველოს სანაპიროს გონიო-ანაკლიის აკვატორიაში ეტაპობრივად ტარდება. ნიმუშების აღება წინასწარ შერჩეულ 23 საზღვაო სადგურზე მოხდა.

აღნიშნულ კვლევებში გამოყენებულია თანამედროვე სტანდარტების ხელსაწყო, რომელიც სააგენტოს მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) გადასცა.

რაპანა მოთხოვნადი პროდუქტია და მის რეალიზაცია მსოფლიო მასშტაბით ხორციელდება. რაპანას კვლევა მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. კვლევის საფუძველზე შეგროვდება ინფორმაცია შავი ზღვის რაპანის პოპულაციის მარაგების, მათი გავრცელების, რიცხოვნობის, ზომა-ასაკობრივი სტრუქტურის შესახებ.

აღნიშნული კვლევები ხელს შეუწყობს საქართველოში რაპანის რესურსების მარაგების შეფასებას და სარეწაო პერსპექტივების განსაზღვრას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.