გარიგება კრემლის კედლებში - პუტინი კადიროვს Wildberries-ის დაუფლებას სთავაზობს

კადიროვი და პუტინი

პუტინი ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვს მის მიერ ქვეყნის უმსხვილესი მარკეტპლეისის, Wildberries-ის გაკონტროლებას სთავაზობს სირიის ახალ ხელისფლებასთან შაუმდგომლობის სანაცვლოდ.

ინფორმაციას Novaya Gazeta Europe წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

პუტინის მიზანია, ხმეიმიმში ავიაბაზა, ხოლო ტარტუსში სამხედრო-საზღვაო პორტი შეინარჩუნოს, რაშიც სირიის რევოლუციური მთავრობა კადიროვმა უნდა დაარწმუნოს.

სანაცვლოდ კადიროვმა Wildberries-სთან ერთად „ბონუსის“ სახით წილი დაღესტნელი სენატორის, სულეიმან ქერიმოვის ოქროსმომპოვებელ ბიზნესში მოითხოვა, რომელიც Wildberries-ისა და გარე რეკლამის ოპერატორ Russ Outdoor-ის შერწყმის ბენეფიციარად მოიაზრება. წყაროს ცნობით, კადიროვს ამ პირობის განხილვასაც დაჰპირდნენ.

გამოცემის თანამოსაუბრე ამბობს, რომ ეს თემები მოსკოვში კადიროვის ბოლო ვიზიტის დროს პირისპირ განიხილებოდა და ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა „ამ საკითხში პუტინის სრული მხარდაჭერა მიიღო.“

ინფორმაციას პუტინთან გარიგების შესახებ ირიბად ადასტურებს თავად კადიროვის აქტიურობაც, რომელმაც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სირიის საკითხზე ხმამაღალი განცხადებები უკვე სამჯერ გააკეთა.

იმავე დღეს, როცა ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა სირიის ახალი მმართველები ტერორისტების ნაცვლად უკვე “რუსეთის საუკეთესო მეგობრებად” მოიხსენია, Wildberries-ის ყოფილი თანამფლობელი და კომპანიაში კადიროვის პროტეჟე, ვლადისლავ ბაკალჩუკიც გააქტიურდა. ის მარკეტპლეისის დამფუძნებლის, ტატიანა კიმის ყოფილი მეუღლეა, ვისთანაც კიმი განქორწინდა. ვლადისლავ ბაკალჩუკმა თავის Telegram-არხზე დაწერა, რომ ის „მალე დაბრუნდებოდა,“ შემდეგ კი გამოაქვეყნა შეტყობინება შეტანილი სარჩელის შესახებ, რომელიც, მისი შეფასებით, Wildberries-თან ყველა უკანონო გარიგების გაუქმების შესაძლებლობას იძლევა.

საქმე ისაა, რომ Wildberries-ისა და გარე რეკლამის უმსხვილეს ოპერატორ Russ Group-ის შერწყმა მარკეტპლეისის მფლობელი ბაკალჩუკების ოჯახური კონფლიქტის ფონზე მოხდა. კომპანია ცოლ-ქმარმა, ტატიანა და ვლადისლავ ბაკალჩუკებმა 2004 წელს დააარსეს. თუმცა ზაფხულში ტატიანამ, რომელიც Wildberries-ის 99%-ს ფლობდა, მეუღლესთან განქორწინება მოითხოვა. ვლადისლავი საპასუხოდ აცხადებდა, რომ კომპანიის რეიდერული მიტაცება ხდებოდა.

მაშინ Wildberries-ისა და Russ-ის შერწყმა პუტინმა პირადად მოიწონა. Russ-ის შესაძლო ბენეფიციარად ოლიგარქი, სულეიმან ქერიმოვი სახელდება. თავის მხრივ, ვლადისლავ ბაკალჩუკს ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა, რამზან კადიროვმა დაუჭირა მხარი. ყოფილ ცოლ-ქმარს შორის ოჯახური კონფლიქტი სისხლიან პოლიტიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

Wildberries-ისა და Russ-თან შერწყმის შედეგად გაერთიანებული კომპანიის 65%-იანი წილი Wildberries-ის, ხოლო 35% Russ-ს რჩებოდა. გარიგებას საჯაროდ დაუპირისპირდა ვლადისლავ ბაკალჩუკი, რადგან ახალი ხელშეკრულებით ის ბიზნესს, თითქმის, სრულად უნდა ჩამოშორებოდა, ხოლო მნიშვნელოვანი წილით ბიზნესში ფედერაციის საბჭოს წევრი, სულეიმან ქერიმოვი შედიოდა. კადიროვისა და ქერიმოვის დაპირისპირება სროლამდე მივიდა, რაც 18 სექტემბერს, Wildberries-ის მოსკოვის ოფისში მოხდა. შედეგად კომპანიის დაცვის ორი ინგუში თანამშრომელი დაიღუპა. მომხდარ ფაქტზე 30 ადამიანი დააკავეს. მათ შორის იყო ვლადისლავ ბაკალჩუკიც, თუმცა ის მალე გაათავისუფლეს.

ამჟამად წყვილი დაშორებულია. კადიროვის პროტეჟე, ვლადისლავი კომპანიის მხოლოდ 1%-ს ფლობს, ხოლო ტატიანა ბაკალჩუკი, რომელიც კვლავ თავის გვარზე გადავიდა და კიმი გახდა, 99%-იანი წილის მფლობელად დარჩა.

ცნობისთვის: Wildberries-მა საქართველოში გაყიდვები ოქტომბერში დაიწყო, რაც ქართული პარტნიორი კომპანიის ფრენჩაიზით ხორციელდება. Wildberries-ის ქართულენოვან ვებგვერდზე, რომელიც აქტიურად მუშაობს, წერია, რომ ქართული ფრენჩაიზი შპს “ტრანსკომ გრუპია.” ამჟამად Wildberries, საქართველოს გარდა, რუსეთში, სომხეთში, ბელარუსში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, უზბეკეთსა და ჩინეთში ოპერირებს.