Google-მა, შესაძლოა, პარალელური სამყაროების არსებობა დაამტკიცოს

Willow

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Google-მა ახალი კვანტური პროცესორი წარმოადგინა, რომელსაც ინდუსტრიის ბენჩმარკად მიჩნეული RCS-ამონაცანის, ანუ მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, ყველაზე რთული განტოლების ამოხსნა სულ რაღაც ხუთ წუთში შეუძლია. რაკიღა საქმე სუპერკომპიუტერს ეხება, ხუთი წუთი, შესაძლოა, დიდ რიცხვად მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს ასე ნამდვილად არ არის.

პირიქით, იმ რამდენიმე სუპერკომპიუტერს, რომელიც, ამ დრომდე, დედამიწაზე არსებულ ყველაზე მძლავრ კომპიუტერად ითვლებოდა, ამავე ამოცანის ამოსახსნელად ათი სეპტილიონი წელი სჭირდება. ათი სეპტილიონი გამოისახება, როგორც რიცხვი ათი, რომელსაც ოცდაოთხი ნული მოსდევს, რაც წლების კონტექსტში უფრო მეტია, ვიდრე ის დრო, რომელიც სამყაროს შექმნის შემდეგ გავიდა.

როგორც Google-ის კვანტური ხელოვნური ინტელექტის ხელმძღვანელმა, ფიზიკოსმა ჰარტმუტ ნევენმა განაცხადა, დროის ეს სისტემა, რომელიც ჩვენთვის ნაცნობი ფიზიკის ზღვრებს მნიშვნელოვნად აფართოებს, გარკვეულწილად მიგვანიშნებს, რომ კვანტური გამოთვლა, შესაძლოა, რამდენიმე პარალელურ სამყაროში ერთდროულად მიმდინარეობდეს, რაც, შესაძლოა, ნიშნავდეს იმას, რომ ჩვენ მულტივერსში, ანუ მრავალი პარალელური დროითი ხაზის მქონე სამყაროში ვცხოვრობთ.

როგორც Google-ში ამბობენ, პროცესორი, კოდური სახელწოდებით Willow არის არამხოლოდ უფრო მძლავრი, არამედ გაცილებით ეფექტიანი, ანუ ის წინამორბედებზე ბევრად ნაკლებ შეცდომას უშვებს. თავად შეცდომების დაშვება კვანტური გამოთვლის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, რაც ამ სახეობის აღრიცხვის სისტემისთვის ბუნებრივადაა დამახასიათებელი.

ბიტების ნაცვლად, რომლებიც ჩვეულებრივ კომპიუტერში 0-ის და 1-ის კომბინაციებით გამოიხატება, კვანტური კომპიუტერი ინფორმაციის შესანახად ქუბიტებს, ანუ კვანტურ ბიტებს იყენებს, რომელსაც ერთ კონკრეტულ მომენტში რამდენიმე ფორმით შეუძლია არსებობა. მარტივად რომ ვთქვათ, ქუბიტი შეიძლება ერთდროულად 1-იც იყოს, 0-იც და ნებისმიერი სხვა მაჩვენებელი, რომელსაც მათ შორის ვხვდებით.

პროცესორის ეფექტიანობა Google-მა სისტემაში კვანტური ბიტების დამატებით აღმოფხვრა. ამჯერად, Willow-ში 105 ქუბიტს ვხვდებით, რაც ინდუსტრიაში ახალ სიტყვას წარმოადგენს. შესაბამისად, Google-მა ახალი მიზანი დაისახა, რომელიც კვანტური გამოთვლისთვის პრაქტიკული გამოყენების პოვნას გულისხმობს. პრაქტიკული გამოყენება, Google-ის აქციონერებს დამატებით შემოსავალს და, რაც მთავარია, სრულად ახალ სფეროში დომინაციას მოუტანს.

როგორც Google-ში ამბობენ, Willow ახალი თაობის AI-მოდელების დასწავლაში ჩაერთვება, რითაც მეცნიერები ახალ, ამ დრომდე არნახულ მედიკამენტებს შექმნიან, ელექტრობატარეების ეფექტიანობას გაზრდიან და ბირთვულ სინთეზს გააუმჯობესებენ. კვანტური კომპიუტერი, რომელიც ინფორმაციის შესანახად ქუბიტებს იყენებს და არა ბიტებს, გაცილებით მეტ ინფორმაციას ამუშავებს, ანუ ის უფრო ეფექტიანია. ხელოვნური ინტელექტის შესაძლო გამოყენების გზები შეუზღუდავია და კვანტური გამოთვლის შემთხვევაშიც, სავარაუდოდ, ასე იქნება.

ერთ-ერთი შესაძლო გამოყენება, რომელიც Google-ის ახალი თაობის კვანტურ კომპიუტერს შეიძლება ჰქონდეს, კრიპტოვალუტების კოდის დაჰაკვაა. მას შემდეგ, რაც Google-მა ახალი კვანტური პროცესორი წარადგინა, განჩნდა კითხვა, ხომ არ ემუქრება საქმე კროპტოინდუსტრიას და კონკრეტულად ბიტკოინს, რომელმაც მიმდინარე კვირაში მორიგი რეკორდი დაამყარა. ბიტკოინის ბლოკჩეინი, როგორც ცნობილია, რთული კრიპტოგრაფიულ-მათემატიკური დაშიფვრით არის დაცული, რომლის განშიფვრა, კვანტურ კომპიუტერს, სულ მცირე თეორიულად, ნამდვილად შეუძლია.

როგორც Google-ში ამბობენ, დღეს, ბიტკოინის კოდის “გატეხა” კომპანიის მიერ სუპერკომპიუტერის შესაძლებლობებს აღემატება. თუმცა თუ Google-ის პროცესორს ეს დღეს არ შეუძლია, არაფერია ცნობილი სხვა პროექტებზე, რომლებიც, შესაძლოა, ფარულად მიმდინარეობდეს, მათ შორის კომუნისტურ ჩინეთში, რომელიც კვანტური გამოთვლის ტექნოლოგიას დადასტურებულად ავითარებს. თუკი თეორიულად მაინც დამტკიცდა, რომ ადამიანს რთული კრიპტოგრაფიული განშიფვრის უნარის სუპერკომპიუტერის შექმნა შეუძლია, კრიპტოინდუსტრია, სავარაუდოდ, საფრთხეში აღმოჩნდება.