Transfermarkt-ზე ხვიჩა კვარაცხელიას და ნაკრების კიდევ ორი ფეხბურთელის ღირებულება გაიზარდა

ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია

საფეხბურთო ტრანსფერებისა და ღირებულებების უდიდეს პლატფორმა Transfermarkt-ზე მოთამაშეთა ფასები განახლდა და ცვლილებები ქართველ ფეხბურთელებსაც შეეხოთ.

გამოსარჩევია ეროვნული ნაკრების ლიდერის ხვიჩა კვარაცხელიას შედეგი, რომლის ღირებულებაც 80 მილიონს შეადგენდა, ახლა 85 მილიონს აღწევს და ამ შედეგით აპენინებზე სერია A-ს მეორე ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშეა. მასზე ძვირად 100 მილიონ ევროდ, იტალიაში მხოლოდ “ინტერის” არგენტინელი თავდამსხმელი ლაუტარო მარტინესია შეფასებული.

გაზრდილია “ემპოლის” მცველი საბა გოგლიჩიძის ფასიც, რომელმაც თავდაპირველად 300 ათასიდან 5 მილიონ ევრომდე, ხოლო ახლა კიდევ დამატებით 3 მილიონით 8 მილიონამდე მოიმატა. ამჟამად გოგლიჩიძე თანაგუნდელ, ნახევარმცველ ჯაკოპო ფაცინისთან კლუბის ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელის სტატუსს იყოფს.

მათთან ერთად 1 მილიონით გაძვირდა ამერიკული “ატლანტა იუნაიტედის” ფლანგის შემტევის, საბა ლობჟანიძის ფასიც, რომელიც ამჟამად 4 მილიონ ევროს შეადგენს.