პრეზიდენტის დადგენილება - უზბეკეთის მთავრობაში ხელოვნური ინტელექტი 2000-ზე მეტ ჩინოვნიკს ჩაანაცვლებს

უზბეკეთის მთავრობა

უზბეკეთის მთავრობა ოქტომბრის ბოლომდე 2000-ზე მეტი საჯარო მოხელის გათავისუფლებას გეგმავს, რაც მთავრობის აპარატში ხელოვნური ინტელექტის სისტემების დანერგვას უკავშირდება. ამას პრეზიდენტ შავკატ მირზიოევის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულება ითვალისწინებს, სახელწოდებით, „რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოების საქმიანობაში გაციფრულების ფართოდ დანერგვის გზით მმართველი საშტატო ერთეულების რაოდენობის ოპტიმიზაციის ზომების შესახებ“.

პრეზიდენტის ბრძანებულება ეროვნულ საკანონმდებლო მონაცემთა ბაზაში გამოქვეყნდა, რასაც The Moscow Times ავრცელებს.

დოკუმენტის თანახმად, რესპუბლიკის აღმასრულებელ ორგანოებში 2141 საშტატო ერთეული გაუქმდება. თანამდებობები ყველაზე მეტად, ანუ 498 ერთეულით უზბეკეთის საგადასახადო კომიტეტში შემცირდება.

სამინისტროები, სადაც საშტატო ერთეულები ყველაზე მეტად შემცირდება, ასეთია:

  • წყლის რესურსების სამინისტრო - 224 ერთეული
  • სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 200
  • იუსტიციის სამინისტრო - 197
  • ეკოლოგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების სამინისტრო - 176
  • დასაქმებისა და სიღარიბის შემცირების სამინისტრო - 163

ამასთან, მოადგილეების რაოდენობა, თითქმის, განახევრდება და კომიტეტებში 11-დან 7-მდე, სააგენტოებში 12-დან 6-მდე, ხოლო ინსპექციებში 13-დან 7-მდე შემცირდება.

დადგენილების თანახმად, უზბეკეთის დასაქმების სამინისტროსა და პროფკავშირების ფედერაციას დაევალა, შემცირებაში მოყოლილ თანამშრომელთა დასაქმებას ხელი შეუწყონ.

ცნობისთვის: აპრილში რუსეთის ციფრული განვითარების მინისტრ მაკსუტ შადაევმა განაცხადა, რომ ხელოვნურ ინტელექტს მთავრობის წარმომადგენლების ნახევრის შეცვლა შეუძლია, თუმცა არ დაუკონკრეტებია, როდის შეიძლება, ეს მოხდეს. ექვსი თვის შემდეგ სახელმწიფო სათათბიროს სპიკერ ვიაჩესლავ ვოლოდინმა დეპუტატები დაამშვიდა, რომ ხელოვნური ინტელექტის სისტემები რუსი პარლამენტარების ჩანაცვლებას ვერ შეძლებენ, რადგან ხელოვნურ ინტელექტს “სინდისი და პასუხისმგებლობა არ გააჩნია“.

bpn.ge